25 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
რა არის "ჰავანის სინდრომი" და მოიწამლა თუ არა საქართველოში ამერიკელი დიპლომატის ცოლი - სუს-ის და ამერიკული დაზვერვის იდენტური დასკვნები

თბილისში ამერიკელი დიპლომატის ოჯახზე აკუსტიკური საშუალებით თავდასხმა არ დასტურდება და ფაქტზე არც გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას მას შემდეგ ჩათვალა საჭიროდ, რაც თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგნად იქცა. სუს-მა კრიტიკოსებს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ანგარიში შეახსენა და განმარტა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების "ჰავანის სინდრომით" დაავადების ფაქტს არ ადასტურებს. კონსპირაციული თეორიების საპასუხოდ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დღეს სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

დღეს უკვე საკუთარ შეფასებებში მოზომილი იყო ოპოზიცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირწმუნებოდა, რომ საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები ამერიკელ დიპლომატებზე ნადირობენ. მას შემდეგ, რაც ეს თეორია თავად სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში უარყვეს, ხელისუფლების ოპონენტების რიტორიკაც შეიცვალა.

თავად ხელისუფლება ოპონენტებს სახელმწიფო ინტერესების მიზანმიმართულ დაზიანებაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ, პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით, ოპოზიცია მზადაა, ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

ე.წ. ჰავანის სინდრომზე საგამოძიებო ფილმი გასულ კვირას სამმა დასავლურმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. რეპორტაჟის მიხედვით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატები, სავარაუდოდ, აკუსტიკური იარაღით მოწამლეს. გამომძიებელი ჟურნალისტების ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელსაც უჩვეულო სიმპტომები 2021 წელს გამოუვლინდა, საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ცოლია.

ის დარწმუნებით ვერ ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ, ანომალიური სიმპტომების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სახლთან შენიშნა ახალგაზრდა, ქერა მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელს, ვინმე ალბერტ ავერიანოვს. გაჟღერებული ვერსია "კურიერმა" გადაამოწმა. გაირკვა რომ, საზღვრის კვეთის დოკუმენტური და ვიზუალური შესწავლის შედეგად, მსგავსი ვინაობისა და გარეგნობის მქონე ადამიანის შემოსვლა ქვეყანაში არ ფიქსირდება.

"ჰავანის სინდრომი" მედიის ყურადღების ცენტრში 2015 წლიდან მოექცა. უჩვეულო სიმპტომები ერთ-ერთ დიპლომატს, პირველად, კუბაში გამოუვლინდა, რის გამოც დაავადებას "ჰავანის სინდრომი" უწოდეს. გასულ კვირას ოფიციალურმა ვაშინგტონმა უარყო საგამოძიებო რეპორტაჟში გაჟღერებული ვერსია, რომ თითქოს, სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატების მიზანმიმართული მოწამვლის კვალი რუსეთის სპეცსამსახურებთან მიდის. ამ დასკვნამდე არც ამერიკული დაზვერვა მისულა, რომელმაც, იდუმალი დაავადების წყაროს დასადგენად, 90-ზე მეტ ქვეყანაში, ორწლიანი გამოძიება ჩაატარა.

დღის ამბები