უკრაინული დრონი მუსიკალური გაფორმებით პირდაპირ რუსულ აეროდრომზე დაფრინდა. ასევე, 40-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით კიევმა როსტოვში, მოროზოვსკის აეროდრომს დაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, 6 რუსული თვითმფრინავი განადგურებულია, 12 კი არსებითად დაზიანებული. ამ აეროდრომზე მეტწილად "სუ-27-სა" და "სუ-34-ის" ტიპის ავიაგამანადგურებლები იყო ბაზირებული, რომელსაც მოსკოვი ფრონტის ხაზზე აქტიურად იყენებს.
შედეგიანი იყო უკრაინის შეტევა კურსკზეც, სადაც დრონების დარტყმას ხანძარი მოჰყვა. რუსეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით 7 უკრაინული დრონის მოგერიება შეძლეს. უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს როსტოვში, კრასნოდარში და სარატოვშიც. ეს ყველაფერი კი უკრაინის პასუხია რუსეთის გააქტიურებულ შეტევებზე, რომლითაც მოსკოვი ქვეყნის ენერგოსისტემებს 2 კვირაზე მეტია უტევს. ამას გარდა რუსეთი შეტევებს აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც, ბოლო ასეთი დარტყმა ხარკოვზე განხორციელდა.
პარალელურად, მოსკოვმა გააძლიერა კამპანია მოსახლეობის იმაში დასარწმუნებლად, რომ “კროკუს სითიზე” მომხდარი სისხლიანი თავდასხმა უკრაინის მოწყობილია. დასტურად დამნაშავეების დაკავებისას ამოღებული მტკიცებულებები მოჰყავთ, რომლის ავთენტურობაც დაუზუსტებელია.
უკრაინაში დარწმუნებული არიან, რომ მოსკოვი ამგვარ კამპანიას ომის გასაგრძელებელ საბაბად იყენებს. ამაში მას დასავლელი პარტნიორებიც ეთანხმებიან, რომლებიც კიევის გასაძლიერებლად დამატებით შესაძლებლობებზე მსჯელობენ,თუმცა ჯერჯერობით კონსენსუსის გარეშე. მაგიდაზე უკრაინისთვის 100 მილიარდ ევროიანი მხარდაჭერა დევს. ამ იდეას ჯერჯერობით მხარს მხოლოდ ბრიტანეთი, ლატვია და პოლონეთი უჭერს.
ნატომ გუშინ 75 წლის იუბილე იზეიმა, როგორც ყველაზე ძლიერმა სამხედრო გაერთიანებამ კაცობრიობის ისტორიაში. ითქვა, რომ აშშ-ისა და ევროპის ერთობა ალიანსის სიძლიერის გარანტორად რჩება, რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გაძლიერება კი ტრანსატლანტიკური საზოგადოების უპირველესი ამოცანაა.