25 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
ოპოზიციის ტრიუმფი თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში - სტამბოლსა და 15 სხვა ქალაქს ხელისუფლების ოპონენტები უხელმძღვანელებენ

არჩევნებში ხელახალ გამარჯვებას სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ემოციურად შეხვდა. კვირას გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა ექრემ იმამოღლუს მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის სტატუსი კიდევ უფრო განუმტკიცა.

ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი პარტიის წევრების დამარცხება აღიარა თურქეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მოსახლეობის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, ხალხის არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და "სამართლიანობისა და განვითარების" პარტია თვითკრიტიკით დაკავდება.

ექრემ იმამოღლუს, რომელიც ათათურქის მიერ დაფუძნებულ სეკულარულ სახალხო რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, ჯერ კიდევ ღამით, ხმათა 51% ჰქონდა და მის მოწინააღმდეგე ერდოღანის პარტიის წევრ მურათ ქურუმს 10%-ით გაუსწრო. ქვეყნის უმთავრესი, 16-მილიონიანი მეგაქალაქის გარდა, ოპოზიციამ შეინარჩუნა ანკარა და მერის პოსტები დაიკავა ქვეყნის კიდევ 15 ქალაქში, მათ შორის - იზმირსა და ანტალიაში.

ათასობით ადამიანმა აღნიშნა ოპოზიციის გამარჯვება ანკარაში. ქუჩებში გამოვიდნენ დიარბაქირშიც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქურთები შეადგენენ. ხალხი რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში, პროქურთული "დემ" პარტიის მიერ ადგილების მოპოვებას ზეიმობდა.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ოპოზიციის ტრიუმფის გადამწყვეტი ფაქტორი რთული ეკონომიკური ვითარება და ლირის 67%-იანი ინფლაცია გახდა.

ადგილობრივ არჩევნებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია - დიარბაქირსა და ბურსაში, დაპირისპირებების დროს, მოკლეს 3 და დაშავდა ათობით ადამიანი.

დღის ამბები