31 მარტი 2025,   14:55
ვრცლად
"ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნის მოლოდინშია - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების არაერთი მაგალითი არსებობს

საგამოძიებო კომისიის წევრების განმარტებით, სამუშაო პროცესი ყველანაირ საფუძველს ქმნის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ფაქტებით დადასტურებული სარჩელი შევიდეს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, დემოკრატიულ ქვეყნებში, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების არაერთი მაგალითი არსებობს და ეს გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. მით უფრო მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პარტიების პოლიტიკიდან ჩამოშორება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება იყო. დაპირების შესრულების მიზნით ფართოვდება საგამოძიებო კომისიის მანდატიც.

არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფრთხის წინაშე მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ პარტია ვერ გაუქმდება. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები წინააღმდეგობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივის ნაცვლად, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

სწორედ ხელისუფლების შეცვლის მცდელობებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შეისწავლის კომისია, 2012 წლის შემდგომ პერიოდში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 4 ოპოზიციური პარტია, რომელსაც თავად "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას" უწოდებენ, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დღემდე ერთობლივად იბრძვის. კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული პოლიტიკური ძალები კი ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას და ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბებას.

გიორგი გახარიას გუნდშიც და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაშიც აცხადებენ, რომ ისინი, ყოველთვის დამოუკიდებლად, ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულების გამო სხვა პოლიტიკური ძალები.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება უმრავლესობის ლიდერმა ჯერ კიდევ გუშინ გამოაცხადა. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა კანონპროექტზეც, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. თქვა ისიც, რომ მათი ოპონენტები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ამას უკვე კონსტიტუციური წესრიგი განსაზღვრავს.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ შევა, როდესაც შესაბამისი დასკვნა მომზადდება. გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმს ერთთვიანი ვადა ექნება.

დღის ამბები