31 მარტი 2025,   14:55
ვრცლად
"ნათელი იყო, რომ სააკაშვილს უნდოდა ძალის დემონსტრირება, უნდოდა ალბათ სისხლის დაღვრა და ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა შეუქცევადი“ - ირაკლი ბათიაშვილი კოდორის ხეობაზე

2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება - უკვე მესამე დღეა ეს თემა დროებითი საგამოძიებო კომისიის განხილვის საგანია. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის რიგით მეშვიდე სხდომა დილიდან მიმდინარეობს.

ამ წუთებში, დეპუტატები უსმენენ გია ვოლსკის, ის 2004 - 2006 წლებში კონფლიქტების რეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის-გოგა ხაინდრავას მოადგილე იყო.

ამჟამად პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პროექტებზე, რომელიც ომამდე პერიოდში არსებობდა. კითხვებს უპასუხა ირაკლი ბათიაშვილმაც, მან კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ბათიაშვილის განცხადებით, კოდორის ხეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, "ნათელი იყო, რომ სააკაშვილს უნდოდა ძალის დემონსტრირება, უნდოდა ალბათ სისხლის დაღვრა და ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა შეუქცევადი":

"მე, როდესაც საქმის კურსში ჩავდექი, რომ სააკაშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, კერძოდ ოქრუაშვილს და ვანო მერაბიშვილს ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქ უნდა შეეყვანათ ჯარი. ჩემთვის ნათელი გახდა შემდეგი: ეს ავანტიურა, გარდა იმისა, რომ ეს იყო დიდი უსამართლობა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ასეთი დამსახურებული იყო საკუთარი ქვეყნის წინაშე, საბოლოო ჯამში, მომავალში ეს დამთავრდებოდა კატასტროფული შედეგებით. სააკაშვილს ალბათ უნდოდა სისხლის დაღვრა და ეს ძალის დემონსტრირება სჭირდებოდა. ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა შეუქცევადი. მოსახლეობა განაიარაღეს, მეორე, 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაარღვიეს. ვინაიდან, ამ ხელშეკრულების თანახმად, არც ერთ მხარეს იქ საჯარისო დანაყოფების შეყვანის უფლება არ ჰქონდა. რუსეთმა, ეგრევე, გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანა რეზოლუციის პროექტი, რომ კოდორის ხეობაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაირღვა. ეს რეზოლუცია იქნა მიღებული. მათ სჭირდებოდათ კოდორის ხეობის მოსახლეობის განიარაღება, მეორე საბაბად სჭირდებოდათ ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ჩვენ კი არ ვარღვევთ, ეს უკვე დარღვეულია ქართული მხარის მიერ. ეს ორი რამ სჭირდებოდათ და ეს ორი წინა პირობა საჩუქრად მიართვა 2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ.

კოდორის ხეობიდან, ბრძანების საფუძველზე ისე გამოვიდა, როგორც სამხედრო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილები, რომ საერთოდ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ერთი ტყვია არ გაუსვრიათ. ჩატოვეს უზარმაზარი ტექნიკა და შეიარაღება. ამ ყველაფრის ლიკვიდაცია მაინც შეეძლოთ, რომ ეს მტერს ხელში არ ჩავარდნოდა. ამის გაკეთება მათ თავისუფლად შეეძლოთ, მაგრამ ზემოდან იყო ასეთი ბრძანება და რა თქმა უნდა, ეს იყო უდიდესი დანაშაული," - განაცხადა ბათიაშვილმა.

დღის ამბები