20 მარტი 2025,   02:15
ვრცლად
"ვფიქრობ, შესანიშნავი სატელეფონო საუბარი გვქონდა, თითქმის ორი საათი გაგრძელდა, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მშვიდობის მიღწევაზე" - ტრამპი პუტინთან საუბარზე

"ვფიქრობ, შესანიშნავი სატელეფონო საუბარი გვქონდა, თითქმის ორი საათი გაგრძელდა, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მშვიდობის მიღწევაზე. სხვა რამეებზეც ვისაუბრეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რითაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი შეაფასა.

"გვაქვს სიტუაცია, როდესაც იარაღები ერთმანეთისკენაა მიმართული, რაც სისულელეა. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტა ამ კუთხით წინ წაწევის გარეშე ძნელი მისაღწევია. უპირატესობა ახლა რუსებს აქვთ, მათ დაახლოებით 2 500 უკრაინელ ჯარისკაცს ალყა შემოარტყეს, რაც არ არის კარგი ამბავი. პუტინთან მე ამერიკულ დახმარებაზე არ მისაუბრია, საერთოდ არ ყოფილა ამ თემაზე საუბრის ინიციატივა," - აღნიშნა ტრამპმა.

რაზე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ორი საათის განმავლობაში? - სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ ვაშინგტონი და მოსკოვი ოფიციალურ განცხადებებს ავრცელებენ.

თეთრი სახლის თანახმად, ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ცეცხლის შეწყვეტით. ასევე, შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დანერგვის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით.

კრემლში კი აღნიშნავენ, რომ პუტინი დათანხმდა ტრამპის ინიციატივას - მხარეებმა 30 დღის განმავლობაში ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო შეტევისგან. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გადასცა სამხედრო დანაყოფებს.

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრის დროს, ასევე, შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფები, რათა გაგრძელდეს მუშაობა "უკრაინაში ორმხრივი გადაწყვეტილების" მისაღწევად.

 

დღის ამბები