
FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა, აშშ-ში, ლობისტური კომპანია Continental Strategy 600 000 დოლარად დაიქირავა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე, აშშ-ის მთავრობის ცნობიერების ამაღლება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, უზრუნველყოს რეგულარული შეხვედრები და ვიდეოზარები კლიენტთან, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ფირმის საქმიანობის შესახებ და დაგეგმონ მომავალი აქტივობები.
"კლიენტი ვალდებულებას იღებს გადაუხადოს კომპანიას ჯამში 600 000 დოლარი. პირველი გადახდა 200 000 დოლარის ოდენობით ავანსის სახით განხორციელდება არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღისა. შემდგომი გადახდები განხორციელდება ინვოისის საფუძველზე, 100 000 დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
კომპანია თანხმდება გაუწიოს კლიენტს სამთავრობო ურთიერთობების მომსახურება შემდეგი სფეროების ფარგლებში, ურთიერთობების დამყარება შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გავლენიან წარმომადგენლებთან პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისთვის. დახმარების გაწევა დემოკრატიის განმტკიცების, ანტიკორუფციული ნაბიჯებისა და სამთავრობო რეფორმის მხარდასაჭერად. აშშ-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. სამთავრობო ურთიერთობების, პოლიტიკის ადვოკატირებისა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენება," – ნათქვამია ხელშეკრულებაში.
კონტრაქტი დათარიღებულია 2025 წლის 20 თებერვლით, FARA-ზე კი 13 მარტს გამოქვეყნდა. კომპანიის მხრიდან ხელმომწერია კარლოს ტრუხილიო, რომელიც 2018 წლიდან 2021 წლამდე კომპანია The Organization of American States-ის წარმომადგენელი იყო.