13 მარტი 2025,   20:11
ვრცლად
"ვხედავთ, ანგარიშებითა და ინვოისებით, რამდენად იყო ჩართული მთელი მაშინდელი პოლიტიკური ელიტა ამ კორუფციაში" - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის ბრალზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის გამო, 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

მისი თქმით, ინვოისებითა და ანგარიშებით დასტურდება, რომ მთელი მაშინდელი პოლიტიკური ელიტა ამ კორუფციაში იყო ჩართული.

"პირდაპირ ვხედავთ ანგარიშებითა და ინვოისებით, რამდენად იყო ჩართული მთელი მაშინდელი პოლიტიკური ელიტა ამ კორუფციაში. ჩვენი ფულით, ბიუჯეტიდან, კოსმეტიკურ მომსახურებებზე - ბოტოქსის კურსებზე და ა.შ. ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა ფარულად, 200 000 დოლარი დახარჯა პირად სტილისტსა და მზარეულზე და 40 000 დოლარი დახარჯა საკუთარი შვილის სწავლებაში, საქართველოს ყველაზე ძვირ სკოლაში.

ამ 9 მილიონის გარდა, რომელსაც ფარულად ხარჯავდა, 20 000 მილიონი, იმავე პერიოდში, ცალკე აქვს დახარჯული წარმომადგენლობითი ხარჯების სახით, ხოლო ეს ყველაფერი კი მოქალაქეებისგან ფარულად იხარჯებოდა კორუფციის გზით.

ეს არის ნაწილი იმ ჯაჭვისა, რომელიც ეწყობა. კორუმპირებული, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი სააკაშვილისა და მისი მფარველი ვილნიუსელი, ტალინელი თუ ბრიუსელელი პოლიტიკური ქსელისა. ამ ისტორიიდან ერთი დასკვნა უნდა მოვიტანოთ - ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ მართლმსაჯულებას არავის ჭკუის სასწავლებელი არ აქვს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის, საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები