13 მარტი 2025,   23:07
ვრცლად
"ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო მოქმედების იმიტაციას ქმნის, მოცემულ სიტუაციაში არავის სჭირდება" - რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე

ამერიკის დელეგაცია მოსკოვში - სტივ უიტკოფის თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქში დაახლოებით სამი საათის წინ დაეშვა. ამ დრომდე უცნობია როდის შედგება ან ახლა იმართება თუ არა უკვე მოლაპარაკება.

მთავარი კითხვა რაზეც პასუხი ამ ვიზიტმა უნდა გასცეს არის ის, შეწყდება თუ არა უკრაინა-რუსეთს შორის საომარი მოქმედებები 30 დღით. ცეცხლის შეწყვეტას უკვე დათანხმდა კიევი - შეთანხმებას საუდის არაბეთში მიაღწიეს.

ამჯერად, ვაშინგტონი მეორე მხარის დარწმუნებას არა ნეიტრალურ არამედ მისსავე ტერიტორიაზე ცდილობს. რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან - შეხვედრის დასრულებამდე ინფორმაცია ერ-რიადთან შედარებით მოსკოვში კიდევ უფრო მწირია.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო მოქმედების იმიტაციას ქმნის, მოცემულ სიტუაციაში არავის სჭირდება.

"ვესაუბრე ამერიკის მთავრობის მრჩეველს. ბუნებრივია მე კომენტარი გავაკეთე დროებითი ზავის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე. გამოთქვი ჩვენი პოზიცია, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა დროებითი შესვენება უკრაინელი სამხედროებისთვის - მეტი არაფერი. ჩვენი მიზანი გრძელვადიანი, მშვიდობიანი დარეგულირებაა. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით - მშვიდობიანი დარეგულირება, რომელიც ითვალისწინებს კანონიერ ინტერესებს. ჩვენი შეშფოთებები ცნობილია, ასეთი ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო მოქმედების იმიტაციას ქმნის, მოცემულ სიტუაციაში არავის სჭირდება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა.

დღის ამბები