13 მარტი 2025,   19:56
ვრცლად
"რეალიზატორების კუთხით, სასჯელის გამკაცრება მაქსიმალურად არის საჭირო" - თამაზ დათუნაშვილი ანტინარკოტიკულ რეფორმაზე

"ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის თამაზ დათუნაშვილის განცხადებით, ნარკორეალიზატორებთან მიმართებით კანონი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს, თუმცა
პრაქტიკამ აჩვენა, რომ მომხმარებლის კუთხით ნარკოპოლიტიკის გამკაცრება იმ შედეგს ვერ იღებს, რაც დასახული აქვს მიზნად.

"რეალიზატორების კუთხით, სასჯელის გამკაცრება მაქსიმალურად არის საჭირო, მაგრამ არცერთი ქვეყნის პრაქტიკამ, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში გვიცდია სხვადასხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა და ძალიან მკაცრი, მიხეილ სააკაშვილის დროს, და დავინახეთ, რომ ამან ის შედეგი ვერ გამოიღო, რა შედეგიც გვჭირდება, ანუ ამ ადამიანების რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ხელახლა ინტეგრირება.

გვესმის, ნარკოეპიდემიის პრობლემა, მისი სიმძიმე, მაგრამ ვთვლით, რომ მისი გადაჭრის გზა, მათ შორის, არის პრევენცია", - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით, მხოლოდ კანონის გამკაცრება გამოსავალი არ არის და მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

"ამ უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალი არ არის მხოლოდ კანონის გამკაცრება, ამას სჭირდება მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რომელიც, მათ შორის, პრევენციულ ღონისძიებებსაც მოიცავს სხვადასხვა სფეროში", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ანტინარკოტიკული რეფორმის ინიციატივის მიხედვით, ნარკორეალიზატორების მიმართ მიდგომა მკაცრდება. სასჯელი მაქსიმალურად გამკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის, განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. სანქციების ამოქმედება გათვალისწინებულია მომხმარებლებისთვისაც. ცვლილებები შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა ნორმებსაც.

დღის ამბები