
საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის პროცესი გაიმართა. დასკვნითი სიტყვა ჰქონდა ბრალდების მხარეს. გამოიკვლიეს ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც მკვლელობის დღეს, ჯაიანის დაკითხვის მომენტშია გაკეთებული. ბრალდებული დეტალურად აღწერს მომხდარს და დანაშაულს აღიარებს.
ჯაიანი, რომელიც დანაშაულს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს და დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენას უარყოფს, დღეს პროცესს არ დასწრებია.
"ბექა ჯაიანი აღიარებს იმას, რაც ჩაიდინა და ნანობს ჩადენილ ქმედებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ვერ აღიარებს იმ ქმედებასა და ბრალდებას, რომელიც წარდგენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებებთან დაკავშირებით. მას არ ჩაუდენია ეს განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით. არც სისტემატური შეურაცხყოფა, სისტემატური ცემა არ ჩაუდენია. მას კესარია აბრამიძე უყვარდა და უბრალოდ, ეს შეურაცხყოფა, ღალატი, დამცირება ვერ აიტანა. ეს იყო მიზეზი იმისა, რომლის გამოც ჩაიდინა ეს დანაშაული", - აცხადებს ბექა ჯაიანის ადვოკატი გიორგი მდინარაძე.
ბრალდების მხარე უმკაცრეს სასჯელს ითხოვს, პროკურორმა დღეს მტკიცებულებებზე ისაუბრა.
"მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, მასში არსებული მიმოწერების, ვიდეო, აუდიოჩანაწერები, რა თქმა უნდა, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება - გამამტყუნებელი განაჩენის სახით, როგორც განზრახ მკვლელობის ნაწილში გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ასევე, ამავე ნიშნების საფუძველზე, სისტემატური ცემის ნაწილში. სასამართლოს წინაშე დავაფიქსირეთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ყველა დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ ბრალდებულს უნდა განუსაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა", - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.
მომდევნო პროცესზე დასკვნითი სიტყვა ადვოკატს ექნება.
გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.