
ეს ის მომენტებია, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს იარებზე, რომელიც სამი ათეული წლის წინაც გაგვეხსნა და რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს და, ამავე დროს, გვახსენებს, თუ რა ვიწროა ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
"ერთი მხრივ, არის მწუხრის მომენტი, როდესაც ოჯახებს კიდევ ერთხელ ეხსნებათ ის იარა, რომელიც ოჯახის წევრების დაკარგვასთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ - ეს არის სიხარულის მომენტიც, როდესაც შესაძლებლობა ეძლევათ, რომ დაიტირონ საკუთარი რამდენიმე ათწლეულის წინ დაკარგული ოჯახის წევრები.
ჩვენ დღეს კვლავ გვყავს 2 000-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირი როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების დროს და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა, დაიტიროს საკუთარი ოჯახის წევრები.
ამავე დროს, ეს ის მომენტებია, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს იარებზე, რომელიც სამი ათეული წლის წინ გაგვეხსნა და რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს და, ამავე დროს, გვახსენებს, თუ რა ვიწროა ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე