23 თებერვალი 2025,   08:57
ვრცლად
იტალიური თავგადასავალი და ტრადიცია, რომელიც საუკუნეებია გრძელდება - წლევანდელი ვენეციის კარნავალი ჯაკომო კაზანოვას 300 წლის იუბილეს ეძღვნება

კულტურა, ესთეტიკა, ისტორია, ტრადიცია, ხელოვნება, მუსიკა და რაც მთავარია სანახაობა, რომლის მონაწილე ერთხელ მაინც თუ გახდი შენს მეხსიერებაში წარუშლელ კვალს დატოვებს - ჩრდილოეთ აღმოსავლეთ იტალიაში, არხების ქალაქად წოდებულ ვენეციაში, კარნავალი დაიწყო.

ისტორიად ქცეული მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც წარსულსა და აწმყოს აკავშირებს - ფერებისა და ფანტაზიის ზეიმზე მოსახვედრად ვენეციაში თავს ტურისტები მთელი მსოფლიოდან იყრიან, გამონაკლისი არც 2025 წელია. ტრადიცია უცვლელია - დღესასწაულის მთავარი ატრიბუტები ნიღაბი და კოსტიუმებია. ყოველწლიურად იცვლება მხოლოდ თემა. წელს, კარნავალი ვენეციელი ხატის მარადიულ ფიგურას, ჯაკომო კაზანოვას 300 წლის იუბილეს ეძღვნება, - სახელისა და სიმდიდრის მაძიებელს - ცნობილს, როგორც ევროპაში ყველაზე სახელგანთქმულ იტალიელ საყვარელს.

კოსტიუმირებული სანახაობა ერთ-ერთი და არა ერთადერთი გასართობია ვენეციის კარნავალზე. სხვადასხვა სახის ღონისძიება თუ პერფორმანს8ი რამდენიმედღიანი ზეიმის განუყოფელი ნაწილია. თეატრალური წარმოდგენები, როცა მთელი ქალაქი სცენად იქცევა, მუსიკალური ნომრები, ბალ მასკარადები.

კარნავალი წარმოუდგენელია ვენეციური ნავების შოუს გარეშე. "გრანდ კანალში" მოცურავე საზეიმოდ მორთული ასობით გონდოლა 2025 წლის კარნავალის სავიზიტო ბარათად იქცა.

ამ დაუვიწყარი ვენეციური თავგადასავლის ისტორია საუკუნეების წინ დაიყო. მიზანი სოციალური ფენის განსხვავებების დროებით მაინც გაქრობა იყო. კარნავალში მონაწილეები ივიწყებდნენ ყველას და ყველაფერს, თავისუფლების შეგრძნებას კი მათ ნიღბები ანიჭებდათ. არისტოკრატი თუ უბრალო მოქალაქე - ამ თამაშში ყველა თანაბარია.

უკვე 7 საუკუნეზე მეტია, ვენეციის კარნავალი ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება. წელს ეს დღესასწაული 4 მარტამდე გაგრძელდება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები