
"ჩვენ ვართ ფედერალური კანონი, ასე რომ უმჯობესია ამას მიჰყვეთ, თუ არა საერთოდ ვერ მიიღებთ ფედერალურ დაფინანსებას," - ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ამ სიტყვებით მეინის შტატის გუბერნატორს მიმართავს. საკითხი რაზეც ტრამპი და ჯანეტ მილსი ვერ შეთანხმდნენ, ქალთა სპორტში ტრანსგენდერი ქალების მონაწილეობაა. შტატების ახალმა ადმინისტრაციამ უკვე გამოსცა კანონი, რომელიც ამ უკანასკნელს კრძალავს. როგორც ჩანს, მეინის შტატის გუბერნატორი, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია, აღმასრულებელი ბრძანების შესრულებას არ აპირებს. 47-ე პრეზიდენტი კი საპასუხოდ მას ახსენებს, რომ ქალთა სპორტში ტრანსგენდერების მონაწილეობა, თავად მეინის მაცხოვრებელი დემოკრატებისთვისაც მიუღებელია.
დონალდ ტრამპი მკვეთრი გადაწყვეტილებებით ცდილობს რაც შეიძლება მოკლე დროში განახორციელოს ცვლილებები, რაც მისი თქმით, პრეზიდენტობის პირველ ვადაში ვერ მოასწრო. ერთ-ერთი მათგანი დეპარტამენტებში და წამყვან მმართველ ორგანოებში საკადრო ცვლილებებია. სწორედ ამ ცვლილებების ფარგლებში ფედერალური გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა ტრამპის რჩეულმა კაშ პატელმა რამდენიმე საათის წინ დაიკავა. FBI-ის ახალი შეფი, ახლა იუსტიციის დეპარტამენტსაც უხელმძღვანელებს და აანონსებს, რომ ტოლერანტული არ იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამერიკის კონსტიტუციას არ დაიცავს.
ცვლილებები შეეხო პენტაგონსაც, ტრამპი აქაც მკაცრ საკადრო პოლიტიკას ატარებს. შტატების პრეზიდენტმა გუშინ უმაღლესი გენერალი თანამდებობიდან გადააყენა და გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელად გადამდგარი სამვარსკვლავიანი გენერალი დანიშნა.
თანამდებობას დატოვებენ ამერიკის საფოსტო სამსახურის ხელმძღვანელებიც. შტატების ფოსტის სააგენტო, რომელიც დამოუკიდებელ ორგანოდ ფუნქციონირებდა, აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, ამიერიდან ტრამპის ადმინისტრაციას დაექვემდებარება.
ტრამპის პოლიტიკა, ყველა მმართველ ორგანოში შეამციროს თანამშრომლების რაოდენობა, პროტესტს იწვევს ბიუროკრატების გარკვეულ ნაწილში, მთავარი კრიტიკის ობიექტი კი პრეზიდენტთან ერთად მისი მრჩეველი – ილონ მასკიც გახდა. მასკი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას სრულად იზიარებს, ის ცდილობს მჭიდრო კომუნიკაცია დაამყაროს იმ ხალხთან, ვინც არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში მკაცრ კონსერვატიულ იდეებს მიესალმებიან. ილონ მასკი უკვე შეხვდა სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს.
ფიცომ რამდენიმე ხნით ადრე, ილონ მასკს თხოვნით მიმართა – დაინტერესებულიყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებიც სლოვაკეთში საქმიანობენ. რობერტ ფიცო ფიქრობს, რომ სწორედ ეს ორგანიზაციები არიან ბრატისლავაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მთავარი ორგანიზატორები. ამ საკითხზე ამჯერად მათ პირისპირ, ვაშინგტონში ისაუბრეს.
მასკის ინიციატივაა ახალი ტარიფების დაწესებაც, რასაც დონალდ ტრამპი იზიარებს და ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. ამჯერად, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან პრეზიდენტმა თქვა, რომ ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ციფრული სერვისების გადასახადებს აშშ-ის ტექნოლოგიურ კომპანიებს უწესებენ.
ცვლილებებს, რომელსაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტი არჩევნებამდე აანონსებდა, მსოფლიო უკვე ხედავს.
ავტორი: ლუკა ჩანგელია.