23 თებერვალი 2025,   03:05
ვრცლად
ტრამპის ხისტი პოლიტიკა უკრაინის მიმართ და მორიგი კრიტიკა ზელენსკის - უკრაინის პრეზიდენტი მხარდაჭერას კვლავ ევროპას სთხოვს

ლიდერი კოზირის გარეშე და არასწორი განცხადებების ავტორი - დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ისევ აკრიტიკებს. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ომით დაპირისპირებული ქვეყნების პირველი პირები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, თუმცა ამერიკასა და რუსეთთან ერთად, უკრაინის ადგილს მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ ეტაპზე, ვერ ხედავს. მწვავე შეფასებებს იღებს მისი წინამორბედიც. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ომის თავიდან არიდება შეეძლოთ თუმცა, არასწორი პოზიციონირებით ეს ვერ მოახერხეს. პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა.

კრიტიკის ადრესატი ნაწყენია თუმცა, იმედი აქვს, რომ შტატებთან უკრაინის ურთიერთობა მალე დალაგდება. ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაწყებულია. ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, ამჯერად, ტრამპზე არაფერს ამბობს და მხარდაჭერას ისევ ევროპას სთხოვს.

პასუხად, ევროპელი ლიდერების ნაწილი ვოლოდიმირ ზელენსკის ამხნევებს. ოლაფ შოლცი, რომლის ქვეყანაც საპარლამენტო არჩევნები მოლოდინშია, უკრაინას უპირობო მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება.

წიაღისეულთან დაკავშირებით, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ფაქტი ჯერ ოფიციალურად არც კიევს დაუდასტურებია და არც ვაშინგტონს.

დღის ამბები