22 თებერვალი 2025,   19:17
ვრცლად
ლევან გიგინეიშვილი: არ გაქვს უფლება, ადამიანი როგორც ადამიანი, გძულდეს, უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, რომ სხვასაც იგივე უსურვო, რასაც საკუთარ თავს უსურვებდი

რა არის ადამიანის არსებობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, როგორ ვიცხოვროთ სწორად და რატომ აქვს ადამიანს სხვისი წარმატების მიუღებლობა, ეს სწორედ ის კითხვებია, რომელიც თითოეული ინდივიდს აინტერესებს და ცდილობს პასუხის მიღებას.


ფილოსოფოსები ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის შეიძლება ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენდნენ, სწორედ ამიტომ, "რუსთავი2" ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა -

"რა არის მთავარი და რა პრიორიტეტები უნდა დასახო ცხოვრებაში - ამაზე გამზადებული პასუხი არ არსებობს, შენ პირად, ცხოვრებისეულ გამოცდილებაში უნდა მიხვდე ამას რა პრიორიტეტი შეარჩიო. მნიშვნელოვანია, დრო არ დაკარგო და შენი ნიჭისმიერი საქმე აკეთო. ხშირად ვღუპავთ დროს და იმას არ ვაკეთებდეთ.

ხანდახან შეიძლება იყოს გაწბილებები, რომ ჩადე დრო ამ საქმეში, ამ პიროვნებასთან ურთიერთობაში, ამდენი ძალისხმევა გაიღე და არაფერი - დრო დაკარგე და თვითონ გაწბილდი. ეს ტკივილებიც გადასატანია ალბათ, მაგრამ არ უნდა დაიხიო უკან, უნდა წამოდგე და ახალი ცდები ჩაატარო.მაგალითად, კარგი შემოსავალი არ უნდა განსაზღვრავდეს შენს არჩევანს. იმიტომ, რომ შეიძლება ისეთ ადამიანებთან გიწევდეს მატერიალურად კომფორტულ გარემოში მუშაობას, რომელსაც სხვა სიტუაციაში არც კი დაელაპარაკებოდი, ან ისეთი რუტინული საქმე იყოს, რომ გკლავდეს ეს საქმე. ამიტომ, ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია, პრიორიტეტები შეარჩიო უსასრულობით, უფრო მაღალი გადასახედით, ვიდრე ეს მატერიალური წარმატებაა."-ამბობს ლევან გიგინეიშვილი.

ფილოსოფოსები განიხილავენ რელიგიის მნიშვნელოვან ადგილს თანამედროვე სამყაროში, მის როლს მორალურ და ეთიკურ ცხოვრებაშითქვენ თუ გწამთ ღმერთის და რას ნიშნავს მისი არსებობა თქვენთვის?!

"ქრისტიანი ვარ - ღმერთის მწამს. ღმერთმა შექმნა სამყარო, მე არ შემიქმნია ეს ამხელა წესრიგი. დასაწყისი გვაქვს, დასასრული არა - ეს გვპირდება იმას, რომ ჩვენ მარადიულად გავგრძელდებით და ეს მარადიული გაგრძელება იქნება ბედნიერი და ნეტარი. ფიზიკური თუ ზნეობრივი კანონები, ეს ყველაფერი ღმერთზე არის დაფუძნებული – ჩვენც მისი ქმნილებები ვართ და მეტიც, ჩვენ მოგვცა თავისი ნების გამოხატულება ბიბლიაში და ბიბლიის წაკითხვით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ რა არის მისი ნება და შესაბამისად მოვიქცეთ,"- ამბობს გიგინეიშვილი.

რას ნიშნავს ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილისთვის სამშობლო?!

"ჩვეულებრივი ამბავია, რომ გიყვარს შენი ქვეყანა და შენც გინდა მაქსიმალურად შენი პატარა სივრცით რაღაც კარგი გააკეთო შენი ქვეყნისთვის. მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობ და არ ცხოვრობ, ცხოვრობ შენი ქვეყნისთვისაც. ავიღოთ მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენი, მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ელის მის წარმატებულ გამოსვლას, თუნდაც უცხოურ კლუბებში – აბა, ჩვენი რას შვებაო?!,"- აცხადებს გიგინეიშვილი.

რა არის სწორი ცხოვრების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი?!

"მართალი უნდა იყო საკუთარ თავთან, არ უნდა მოატყუო საკუთარი თავი. ღვთის მოცემული ნიჭის აქტუალიზება უნდა შეგეძლოს საკუთარ თავში - საკუთარ ცხოვრებაში. შენ თუ კეთილგანწყობილი ხარ ადამიანების მიმართ, გულში არ უსურვებ ბოროტს, შემდეგ შენს თავსაც აძლევ შანსს რომ იყო ბედნიერი, თორემ სხვას თუ ბოროტს უსურვებ, შემდეგ შენს თავსაც აღარ აძლევ შანსს, რომ ბედნიერი იყო - გრცხვენია ბედნიერების,"- აცხადებს ფილოსოფოსი.

შესაძლებელია თუ არა მცირე დეტალმა შეცვალოს ადამიანის მიდგომები ცალკეული საკითხისადმი?!

"ძალიან პატარა დეტალს შეიძლება დიდი და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდეს. შეიძლება არ მიესალმო ვიღაცას და აწყენინო და გვიან მიხვდე, რომ გაანაწყენე - ამ პატარა მომენტებს აქვს დიდი მნიშვნელობა. პატარა მომენტები ჰქვია, მაგრამ შეიძლება ჟესტი იყოს პატარა თორემ მისი მოტივაცია იყოს ძალიან დიდი და ღრმა. არ გაქვს უფლება ადამიანი, როგორც ადამიანი გძულდეს. უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, რომ სხვა ადამიანსაც უსურვო იგივე , რასაც საკუთარ თავს უსურვებდი,"- აცხადებს ლევან გიგინეიშვილი.

რა არის თქვენთვის სიყვარული?!

"ერთი იტალიელი ბლუზმენი მღერის «სიყვარული ტაძარიაო» ჩანს იმას გულისხმობს, რომ  შენ თუ არ დადიხარ ტაძარში, არ ავითარებ შენს რწმენას, რწმენა მოგიკვდება და სიყვარულიც ასე არის, თუ გიყვარს ადამიანი, მაგრამ არ აქცევ ყურადღებას, არ კითხულობ, არ ურეკავ - მერე შეიძლება ეს სიყვარულიც გახმეს. ამიტომ, საჩუქარივითაა, როცა ბუნებრივად გიყვარს ადამიანები და გიხარია მათთან ყოფნა, მაგრამ ამასაც სჭირდება მოვლა, განვითარება და კულტივირება."


როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?!

"კარგი მასწავლებელი არის ის, ვისაც თავის საგანი უყვარს და შეუძლია დამუხტოს ინტერესით მოსწავლეები და დაანახოს, რომ აი, ამ საგანში იმდენი საიდუმლოებაა, იმდენი საინტერესო ამბებია აღმოსაჩენი, რომ მოდი ერთად ვიკვლიოთ, ერთად აღმოვაჩინოთ. მას სიყვარული უნდა ჰქონდეს იმ ხალხის, სტუდენტების, რომელსაც ასწავლის და იმ საგნის რასაც ასწავლის. უხაროდეს თავის საქმე, უხაროდეს მათთან ურთიერთობა. ყველა საგნის საბოლოო მიზანი რაა არის?! ჩვენ ვსწავლობთ ცხოვრებას და ადამიანობას- საგნებიც, განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნებიც ამაზე არის აგებული, რომ საბოლოო ჯამში უკეთესი ადამიანები გავხდეთ,"-აცხადებს "რუსთავი2-თან" ინტერვიუში ლევან გიგინეიშვილი.


დღის ამბები