
დიდთოვლობა და დაბალი ტემპერატურა - საქართველოში უამინდობა მესამე დღეა გრძელდება. უხვმა ნალექმა სირთულეები შექმნა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სადაც გადაადგილებას მხოლოდ მაღალი გამავლობისა და ზამთრის საბურავების მქონე მანქანები ახერხებენ.
უამინდობაა აჭარაშიც. ბათუმში შტორმს ელოდებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. სინოპტიკოსები შავ ზღვაზე დაბალ ტემპერატურას და ძლიერ თოვს კიდევ ოთხი დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. 24 საათიან რეჟიმში, ბათუმში, იწმინდებოდა ტროტუარები და სანიაღვრე ქსელები. ამ დროისათვის ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარია.
უხვი ნალექია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც. ამ დროისათვის ცენტრალური გზა გაწმენდილია. ინტენსიურად იწმინდება შიდა საუბნო გზები. დროებით ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. რამდენიმე სოფელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
უამინდობამ პრობლემები შექმნა მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
უამინდობა და დიდთოვლობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება; სინოპტიკოსები კი, დღეს ღამით, დედაქალაქში, -5 გრადუსს ელოდებიან.
ავტორები: თიკო ლობჯანიძე, თამო შალოშვილი