
ორშაბათიდან, პარლამენტში საკანონმდებლო პროცედურები იწყება - ბიუროს სხდომა, საკომიტეტო განხილვები და ბოლოს უკვე სასესიო მოსმენა. დეპუტატები მედიის შესახებ ბრიტანული სტანდარტის შესაბამის კანონსა და ამერიკული FARA-ს ანალოგზე მსჯელობას იწყებენ.
უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს მიზეზი, რის გამოც "გამჭვირვალობის კანონს" უფრო მკაცრი, ამერიკული FARA ჩაანაცვლებს. მმართველი გუნდის თქმით, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ლოიალური მიდგომა უნდა შეიცვალოს.
ოპოზიცია ისევ იმეორებს, რომ ახალი კანონების მიღების ობიექტური საფუძველი არ არსებობს. ხელისუფლების ოპონენტები რეპრესიულ მიზნებზე საუბრობენ.
ოპონენტების წინასწარი შენიშვნები მმართველი პარტიისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომელიც FARA-ს მოქმედი რედაქციის ასლი იქნება, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასა და უცხოური თანხების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
ახალი კანონების მიღების პარალელურად, პარლამენტი მუშაობას იწყებს საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის ვალდებულების მოხსნაზე. შესაბამისი ნორმები გაუქმდება ყველა კანონსა და კანონქვემდებარე აქტში.