
მიმდინარე წლის 23 თებერვალს, 15:00 საათზე, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ქალთა ფედერაცია: "კავკასიელ ქალთა კონგრესისა" და პანკისელი ახალგაზრდების ორგანიზებით გაიმართება ვაინახების დეპორტაციის 81 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.
საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ 1944 წლის 23 თებერვალს მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, ერთი დღე–ღამის განმავლობაში ჩეჩენი და ინგუში ხალხი მთლიანად აყარეს საკუთარი მიწიდან და უცხო მხარეში გადაასახლეს.
ზამთრის სუსხიან დილას სამშობლოს ღალატის ბრალდებით ერთი დღე-ღამის განმავლობაში შუა აზიაში გაასახლეს ვაინახები (ჩეჩნები და ინგუშები). ეს ტრაგედია გასაოცარი ტკივილითა და სიმძაფრით აისახა ქართულ მწერლობასა და პოეზიაში. განსაკუთრებული ტრაგიზმით გამოირჩევა გაბრიელ ჯაბუშანურის ციკლი “ჰოი ღილღოს დაღრუბლულო ცაო“, გრიგოლ აბაშიძის „უკაცური აული“, გიგი ხორნაულის, შოთა არაბულისა და სხვათა შემოქმედება.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ თემას მიუძღვნა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა სერგო ქობულაძემ თავისი ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც ამჟამად სანკტპეტერბურგის ერმიტაჟში ინახება.
ხსოვნის საღამოზე მოხდება ჩეჩენი რეჟისორის ხუსეინ ერკენოვის ხაიბახის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ფილმის „ნაბრძანებია მიეცეს დავიწყებას“ ჩვენება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ქისტი მწერლები და პოეტები, მეცნიერები, საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლები, ახალგაზრდები.
ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკდავყოფა, ამ თემაზე ქართულ მწერლობასა და პოეზიაში შექმნილი უკდავი შედევრების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა, ქართველი და ვაინახი ხალხების ძმობისა და მეგობრობის განმტკიცების ხელშეწყობა.
ღონისძიების მსვლელობისას შესაძლებელი იქნება დეპორტაციის ამსახველი დოკუმენტური კადრებისა და ამ ტრაგედიას გადარჩენილი პირების პორტრეტების ხილვა, რომლებიც 2014 წელს გადაღებულია ჩეჩენი ჟურნალისტის თაისა ისაევას მიერ.
23 თებერვალი მსოფლიოს ყველა კუთხეში აღინიშნება, სადაც ერთი ვაინახი (ჩეჩენი, ინგუში, ქისტი) მაინც ცხოვრობს.
2004 წელს ევროპის პარლამენტმა ჩეჩნებისა და ინგუშების გასახლება ოფიციალურად აღიარა გენოციდის აქტად.