22 თებერვალი 2025,   21:02
ვრცლად
"ძალიან დაგვეხმარა ხალხის ფაქტორი" - ქართველი კალათბურთელები გამარჯვების შემდეგ, შთაბეჭდილებებს აზიარებენ

მას შემდეგ, რაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანიას მოუგო და ევრობასკეტის საგზური ზედიზედ მეექვსედ გაინაღდა, ქართველმა კალათბურთელებმა შთაბეჭდილებები მედიასთან გააზიარეს.

კალათბურთელებმა გამარჯვებაში გულშემატკივრების დიდი როლი აღნიშნეს და ამისთვის მათ მადლობა გადაუხადეს.

დუდა სანაძე, კალათბურთელი: "ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, რომ ამისთვის მიგვეღწია. ბოლო წამს გავიგეთ, რომ არ გვეყოლებოდა კამარ ბოლდუინი, ძალიან სწრაფად მოგვიწია გადაწყობა და ძალიან რთული თამაში იყო, თუმცა მოვახერხეთ. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, გუნდელებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო ეს თამაში. მადლობა, პირველ რიგში, გულშემატკივარს - ბოლო წამებში გამაყრუებელი ხმაური იყო და, ასე რომ ვთქვათ, მათ მოიგეს ეს თამაში. საქართველომ დაიმსახურა ყველაფერი."

თორნიკე შენგელია, კალათბურთელი: "დაღლილობის მიუხედავად, ბრძოლა არ გაგვიჩერებია. ბურთი ჩავარდებოდა თუ არა, დაცვაში ყოველთვის ვიბრძოდით, თავდასხმაშიც თვითდაჯერებულად ვიყავით. ძალიან დაგვეხმარა ხალხის ფაქტორი, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ აქედან. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ ჩემი გუნდით."

კახა ჯინჭარაძე, კალათბურთელი: "ყველამ იცის, რა დონის თამაში იყო, ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით ამ თამაშისთვის უკვე ფინეთთან გამარჯვების შემდეგ, ეს ყველაფერი იგეგმებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, ვულოცავ, პირველ რიგში, საქართველოს, ჩვენს ნაკრებს, აბსოლუტურად ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფერში და კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას."

შეგახსენებთ, რომ ზედიზედ მეექვსედ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე ითამაშებს. ქართველმა კალათბურთელებმა დაძაბულ ბრძოლაში დანიელებს 62:60 მოუგეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გაინაღდეს. ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი, საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩს 24 თებერვალს, სტუმრად, სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს, თუმცა ამ შეხვედრას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში ოთხი ქვეყანა – ფინეთი, კვიპროსი, პოლონეთი და ლატვია, 14 აგვისტოდან 27 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

დღის ამბები