
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც მან უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი და კომიკოსი უწოდა და გააკრიტიკა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ დონალდ ტრამპის რიტორიკა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის არის სასარგებლო და ეს რუსეთია.
"მთელი ეს რიტორიკა უკავშირდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დასრულების მოლაპარაკებებს, სადაც არ იყო წარმოდგენილი არც ევროპა და არც თავად ქვეყანა, რომელიც ომშია ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რიტორიკა ერთადერთი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. ნახეთ ალბათ ვლადიმერ პუტინის განცხადებაც ამ რიტორიკიდან გამომდინარე," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
ცნობისთვის, ფლორიდაში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიერ შესრულებულ სამუშაოს საშინელი უწოდა და უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"თუ ზელენსკის ძალიან უნდოდა, მოსულიყო საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.