21 თებერვალი 2025,   18:58
ვრცლად
"ზეწოლა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე და ტრაგედიით მანიპულირება" - ცესკო "ძლიერი საქართველოს" წევრის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას ეხმაურება

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი წარმომადგენლის ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, თეონა ჯაფარიძეს დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ ცესკო მას ხელს აფარებს.

ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე დაუსაბუთებელი ბრალდებები, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე და, ასევე, აჩენს ეჭვს, რომ ხდება ტრაგედიით მანიპულირება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით.

"საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო. როგორც საჯარო განცხადებებიდან არის ცნობილი, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიუხედავად ამისა, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები, გარდა იმისა რომ წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე, ასევე აჩენს ეჭვს, რომ ხდება ტრაგედიით მანიპულირება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ - თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ, გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის საკითხს და ექნება სათანადო რეაგირება. მანამდე კი საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით ქეთევან თურაზაშვილს, დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას," - ნათქვამია ცესკოს გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები