
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა დაიწყო. მხარეები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ მსჯელობენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის, ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში, საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.
"განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ექვსი მოქალაქე. ასევე საუბარი შეეხება საანგარიშო პერიოდში უკანონო, ე. წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს, რომლებიც დაფიქსირდა 19 ნოემბრიდან დღემდე", – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.