ილონ მასკის პოზიციას USAID-თან დაკავშირებით იზიარებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ორგანიზაციების მიმართ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება. მმართველ გუნდში მზაობას გამოთქვამენ, რომ დაინტერესების შემთხვევებში გამოძიებასთან ითანამშრომლონ.
"პროგრამებით ფინანსდებოდნენ და იქმნებოდა შეშლილი, გიჟი რადიკალების ჯგუფები, რომლებიც შემდგომ ახორციელებდნენ სახელმწიფოზე და ადამიანებზე თავდასხმებს თავისუფალი სიტყვის მოტივით. უცხოურ ქვეყნებში ჩარევები, მავნებლური გავლენები, რადიკალური ჯგუფების დაფინანსება, კორუფცია, გადატრიალებების მცდელობები, ეს ის ბრალდებებია, რომელზეც ილონ მასკისა და მათი გუნდის წევრების არაერთ პოსტში ვკითხულობთ. ეს ის ბრალდებებია, რომელთა დეტალურ გამოძიებასაც ისახავენ მიზნად, მათ შორის, ამ პროგრამების დაფინანსება საინტერესო იქნება ჩვენს შემთხვევაში. ჩვენ მაქსიმალურად მივაწვდით ყველა ინფორმაციას დაინტერესების პირობებში," - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ამერიკელი მილიარდერი და სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ USAID-ი მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად.