"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მიმდინარე კვირის ბოლომდე შეიქმნება. საკითხი ბიუროზე ინიციირებულია და პლენარული სესიის დღის წესრიგშიც გათვალისწინებულია.
დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. შესასწავლ საკითხთა ნუსხაც შედგენილია. კომისიის ინტერესის ობიექტი ყველა ის მოვლენა იქნება, რომლებიც 2003-დან 2012 წლამდე სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრები გამოსაკითხ პირთა სიაში პირველები არიან. ამ პოლიტიკურ პარტიაში კომისიის შექმნის საკითხზე დღეს დუმილი ამჯობინეს, სხვა პარტიებში კი მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტია ამ თემით საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც სხვა ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებენ. უარის მიუხედავად, კომისია მაინც შეიქმნება და ის "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წევრებით დაკომპლექტდება. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს შეახსენებს, რომ, დაბარების შემთხვევაში, კომისიის წინაშე გამოცხადებას თავს ვერ აარიდებენ.
გეგმის მიხედვით, საგამოძიებო კომისიამ 6 თვის განმავლობაში უნდა იმუშაოს, ამის შემდეგ კი შესაბამისი დასკვნა მომზადდება და რეკომენდაციები გასაჯაროვდება.