03 თებერვალი 2025,   22:21
ვრცლად
"ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება საჯარო მოხელის სტატუსი" - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების თაობაზე იმსჯელა. საკითხი კომიტეტს განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.

პროექტი ითვალისწინებს რეგლამენტიდან XVIII თავის ამოღებას, რომელიც პარლამენტთან არსებულ დაწესებულებებს: საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და კვლევით ცენტრს შეეხება.

"საკითხი შეეხება პარლამენტთან არსებულ სამ დაწესებულებას: ეროვნულ ბიბლიოთეკას, ჰერალდიკის საბჭოს და სსიპ - კვლევით ცენტრს. ეროვნული ბიბლიოთეკის შემთხვევაში მოხდება მისთვის დამსახურებული იურიდიული სტატუსის მინიჭება და ჩამოყალიბდება როგორც სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში. ცვლილების შემდეგ, ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება საჯარო მოხელის სტატუსი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ნაცვლად შეიქმნება საქართველოს მთავრობასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი. მასში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავისი სტრუქტურითა და ბიუჯეტით იქნება წარმოდგენილი.

"აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია, პარლამენტის დადგენილებების ნაცვლად, შესაბამისი საკითხები დარეგულირდეს საქართველოს მთავრობის აქტებით, რაც ერთი ქოლგის ქვეშ მოაქცევს როგორც სახელმწიფო სიმბოლოების, ასევე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებულ ჰერალდიკის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას. ამჟამად საბჭოში დასაქმებული თანამშრომლები გადავლენ და კონკურსის გარეშე დაინიშნებიან სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება კვლევით ცენტრს, მომხსენებლის განმარტებით, ამ სამსახურის ლიკვიდაცია მოხდება. მის ბალანსზე არსებული რესურსები გადაეცემა პარლამენტს და პარლამენტის აპარატი გააგრძელებს კვლევით საქმიანობას. კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში განხილვის თემა იყო, თუ როგორი სამართლებრივი ფორმა უნდა ჰქონოდა ამა თუ იმ სტრუქტურას, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით შესწავლილია არაერთი საერთაშორისო გამოცდილება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა წარმოდგენილი პროექტი.

კანონპროექტთა პაკეტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

დღის ამბები