"კრიმინალური ორგანიზაცია", "ბოროტება", "რადიკალი მემარცხენე მარქსისტი კრიმინალების ბუდე" - ილონ მასკმა USAID-ის გაუქმება მოითხოვა. ათამდე სტატუსი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საკუთარ პლატფორმა X-ზე ერთ დღეში დაწერა. მასკის კრიტიკა დაიმსახურა ამერიკის დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმაც, რომელსაც თაღლითობა და კორუფციით გაჟღენთილი უწოდა. პარალელურად, მასკმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდა, ჩამოთვალონ ყველა ის ბოროტება, რომლებიც NED-მა ჩაიდინა.
ილონ მასკმა გააზიარა მაიკ ბენცის პოსტიც, სადაც ის USAID-ის პოლიტიკური კონტროლის როლზე საუბრობს და თან ურთავს ვიდეოს, რომელშიც თბილისში გამართული აქციების კადრებიც მოხვდა.
ხისტი იყო ამერიკის 47-ე პრეზიდენტის განცხადებაც USAID-ზე - თქვა, რომ მას რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავდა. ტრამპს მედიასთან USAID-ის დახურვაზე ჯერ არაფერი განუცხადებია, თუმცა განმარტა, რომ სააგენტოს მომავალი გადახედვის პროცესშია.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თავად ტრამპის განცხადებები მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ იმაზე, რაზეც ახლა უკვე ტრამპიც ღიად ლაპარაკობს, წლებია, საუბრობს საქართველოს ხელისუფლება.
ეთანხმება თუ არა ოპოზიცია დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის პოზიციას USAID-თან დაკავშირებით - საკითხზე ხელისუფლების ოპონენტებს საუბარი არ სურთ. ამბობენ, რომ ამერიკის შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ ერევიან, თუმცა, იმედი აქვთ, რომ USAID-ი საქართველოში პროექტების დაფინანსებას ისევ შეძლებს.
ოპოზიციისთვის პოლიტიკაში უავტორიტეტოდ მიჩნეულ ილონ მასკს დიდი გავლენა აქვს და მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ განცხადებებს დონალდ ტრამპის თანხმობა რამდენიმე საათშივე მოჰყვა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი USAID-ის დახურვას დათანხმდა. სპეციალურ მისიებში შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი კი მიიჩნევს, რომ USAID-ის საქმიანობა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უნდა შეისწავლოს, რადგან, რიჩარდ გრენელის თმით, ის რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა.
USAID-ის მიერ სწორედ რადიკალური პროექტების დაფინანსებაზე მიუთითებდა სახელისუფლებო პარტია რამდენიმე წლის განმავლობაში. "ქართულ ოცნებაში" დღეს გაიხსენეს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონიც, რომლის მიღებას მათი ოპონენტები და არასამთავრობო სექტორი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა.
ილონ მასკმა, მწვავე ბრალდების პარალელურად, USAID-ის სააგენტოს საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე გვერდი დაუბლოკა. მეორე დღეა, გათიშულია საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიც. ამერიკაში ბიუროკრატიასთან ბრძოლა დაიწყო. დონალდ ტრამპმა, პირველ ეტაპზე, ყველა საგარეო დახმარება 90 დღით შეაჩერა.