გრემი თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. 30 მუსიკალური ჟანრის მიხედვით დაყოფილ 108 კატეგორიაში პოპის, ქანთრის და ჰიპ ჰოპის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები მონაწილეობენ.
წელს, ნომინანტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით დიდი კონკურენცია იყო. საღამოს ტრიუმფატორი ბიონსე გახდა. პოპ შემსრულებელი ისტორიაში პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელმაც საუკეთესო ქანთრი ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა.
საერთო ჯამში, ბიონსე გრემიზე 99-ჯერ არის წარდგენილი და, მიუხედავად ამისა, საუკეთესო ალბომის კატეგორიაში არასდროს გაუმარჯვია. მას კონკურენციას საბრინა კარპენტერი, ბილი აილიში, ჯეიკობ კოლიერი, ჩაპელ რონი, ტეილორ სვიფტი და სხვები უწევდნენ.
27 წლის შემდეგ პირველად, გრემის ნომინანტთა სიაში აღმოჩნდნენ ბიტლზებიც. სიმღერამ "Now And Then" ლეგენდარულ ჯგუფს გრემიზე მერვე გამარჯვება მოუტანა. ნამუშევარი ჯონ ლენონის დაუსრულებელი ტრეკია და ის შარშან, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაასრულეს.
წლის საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიისთვის გრემი აიღო კენდრიკ ლამარმა ნამუშევრისთვის Not Like Us.
მედიის ყურადღების მიღმა არც წითელი ხალიჩა დარჩენილა, სადაც არაერთი კოსტუმირებული პერფორმანსი ვიხილეთ.
ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გრემის პირველი ცერემონია გაიმართა, ტრადიცია კი არ იცვლება - გრემი, გარდა მუსიკალური დაჯილდოებისა, ამჯერადაც შემოიფარგლა ქველმოქმედებით, რომელიც იმ ადამიანებს მოხმარდებათ, ვინც დამანგრეველი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ.