მე-11 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის უკანა შესასვლელთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.
თავდაპირველად მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით ისინი ცხრა აპრილის ქუჩისკენ დაიძრნენ, საიდანაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ავტომობილებით შედიან, სწორედ აქ იყო შეხლა შემოხლა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა, დემონსტრანტების ნაწილი აცხადებს, რომ ხმაურის დროს ისედაც ტროტუარზე იყვნენ.
ამ წუთებში, დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ არიან და მათ მთავარ მოთხოვნას აჟღერებენ - გათავისუფლდეს "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი.