დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადვოკატებმა დაკავებულები უკვე მოინახულეს. ყველა მათგანი სამართალდამცველებმა "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციაზე აიყვანეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ადვოკატების ინფორმაციით, არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ 31 პირი დააკავა. დაკავებულების ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა - მათ შორის იყო პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამ დრომდე რჩებიან გიგი უგულავა და გიორგი ქადაგიძე. სამართალდამცველებმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ისინი გუშინ, "თბილისი მოლთან" დააკავეს.
პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო. დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორებში სახალხო დამცველმა მოინახულა.
"თბილისის მოლთან" გამართულ აქციას და იქ განვითარებულ მოვლენებს დღეს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ცენტრალური მაგისტრალის ხელოვნურად გადაკეტვის მცდელობა ოპოზიციამ პროტესტანტების მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვად შეაფასა.
ოპოზიციის ლიდერების მხრიდან სამართალდამცველების მისამართით გამოთქმული ბრალდებები ყურადღების გადატანის მცდელობაა მმართველი გუნდისთვის.
"თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციაზე დაკავებულების ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.