"ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები შეაქვს. 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა, იზრდება ჯარიმებიც. ცვლილებებში კიდევ ერთი მიმართულება გაიწერა, მესაკუთრესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, აქციის გამართვა შენობაში აიკრძალება. მკაცრდება სანქციები პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რომელიც მის საქმიანობას ეხება. ცვლილებები იქნება სისხლის სამართლის კოდექსშიც. 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდება. მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადადის პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადების შემდეგ, კოდექსებში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე განიხილა იურიდიულმა კომიტეტმა.
ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია. "ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ახალი გადაწყვეტილებით გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ პრობლემური არა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაზრდაა, არამედ თავად სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც დღეს მოძველებული სახით არის წარმოდგენილი.
კანონის გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებაში ისეთი სიახლე არაფერია, რაც განვითარებული დემოკრატიებისთვის უცხოა.
"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.