უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში გარკვეული ტიპის კანონები მკაცრდება, რათა ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდად მართვის საშუალება ჰქონდეს.
მისი განმარტებით, საქართველოში კოჰაბიტაცია და ლიბერალური ფაშიზმი უნდა დამთავრდეს.
"რაღაც ტიპის კანონები მკაცრდება იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მშვიდად მართოს ქვეყანა. ადმინისტრაციული წესით დაკავება 60 დღემდე რაც არის გაზრდილი, ეს 60 დღე არის მაქსიმუმი. აქაც მოსამართლის გადასაწყვეტი იქნება 60 დღეს მიუსჯის თუ უფრო ნაკლებს. ეს ატარებს პრევენციული მექანიზმის ხასიათს, რადგან ადამიანი, რომელიც მზად არის ჩაიდინოს დანაშაული, მან უნდა იცოდეს ის, რომ ამ დანაშაულს მოჰყვება უფრო მკაცრი ზომა. ამ შემთხვევაში, საუბარია პოტენციურ დამნაშავეებზე. კეთილსინდისიერ მოქალაქეს, რომელიც დანაშაულს არ ჩადის ეს კანონი საერთოდ არ აწუხებს. რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც შედის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, პოლიციელზე შეურაცხყოფა, პოლიციელის ოჯახის წევრებზე მუქარა და შეურაცხყოფა, იქ საუბარია სახელმწიფო - პოლიტიკური პირების შეურაცხყოფაზე და მუქარაზე, ასევე საჯარო მოხელეებზე. თქვენ კარგად ხედავთ როგორი ლიბერალური ფაშიზმი მიმდინარეობს საქართველოში და ჩვენ განვაცხადეთ, რომ კოჰაბიტაციაც მთავრდება, რისთვისაც ხვალ უკვე შეიქმნება საგამოძიებო კომისია და ლიბერალური ფაშიზმიც დასრულდება საქართველოში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.