აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოთხმა მედიასაშუალებამ – New York Times, National Public Radio, NBC News და Politico – პენტაგონის შენობა დატოვოს. ოფიციალური ინფორმაციით, მათ 14 თებერვლამდე უნდა გაათავისუფლონ სამუშაო სივრცეები, რომლებიც სხვა გამოცემებს – New York Post, One America News Network, Breitbart News და HuffPost News – გადაეცემათ.
პენტაგონის პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს ცვლილება როტაციის პრინციპის დანერგვასა და სხვა მედიასაშუალებებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას ემსახურება, თუმცა გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი გახდა.
NBC News-ში აღნიშნავენ, რომ მათ საქმიანობას სერიოზული დაბრკოლებები შეექმნება, ხოლო New York Times-ში მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯს საზოგადოებრივი ინტერესებისთვის ზიანი მოაქვს. NPR თავდაცვის დეპარტამენტს მოუწოდებს, გაზარდოს სამუშაო სივრცე, რათა ყველა მედიასაშუალებისთვის თანაბარი პირობები შეიქმნას.
თავდაცვის დეპარტამენტი მედიაზე ზეწოლის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება მედიაორგანიზაციების საქმიანობას არ ზღუდავს.