04 თებერვალი 2025,   10:39
ვრცლად
"ქვეყანაში არსებობს არეულობისა და დესტაბილიზაციის გეგმა, ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვქონდა მიღებული, არ არის საკმარისი" - ლადო ბოჟაძე

სამართალდარღვევათა კოდექსებში შესატან ცვლილებებზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ქვეყანაში არსებობს დესტაბილიზაციის გეგმა და დღემდე მოქმედი კანონები სრულად ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

"ქვეყანაში არსებობს არეულობისა და დესტაბილიზაციის გეგმა. უკვე სამი თვე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვუყურებთ ჩვენ ყოველდღიურად ამ გეგმის განხორციელებას და ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვქონდა მიღებული, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს რესურსი დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, დაიცვას ხალხი, დაიცვას პოლიცია, საჯარო მოხელეები და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები იმ სიძულვილისა და შეურაცხყოფისგან, რასაც ჩვენ ვხედავთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში," - აღნიშნა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო ბოჟაძემ.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან ძალადობის მუქარა. მაგალითად, თუ დღემდე ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ახალი რედაქციით, ამავე ქმედებისთვის კანონის დამრღვევს 3 წლამდე პატიმრობა ელის. საკითხს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

 
 
დღის ამბები