ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ოფიციალური ვიზიტი თბილისში გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა "ქართული ოცნების" წევრებან. იქამდე დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ისინი არ ფლობდნენ - დაშავებულ სამართალდამცავებზე, მათზე განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და პარლამენტის შენობის შტურმზე.
"მთავარი ინფორმაცია, რომელიც ცალმხრივად ჰქონდათ მოსმენილი, სამწუხაროდ იყო ის, რომ პოლიცია ძალადობდა მომიტინგეებზე, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც ისეთი კადრები ვიხილეთ, პირველ კვირას ეხება ეს აქციების, რომელიც ნამდვილად არ იყო სასიამოვნო არავისთვის. ჩვენ ისინი საქმის კურსში ჩავაყენეთ, რომ ყველა ასეთ გადაცდომაზე გამოძიება არის დაწყებული, თუმცა მათ იმასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ პოლიციელებიც დაშავებულები იყვნენ და თუ რა მასშტაბის შეტევა ხდებოდა პოლიციელებზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა, პიროტექნიკით შეტევა, პარლამენტზე შტურმი. ასეთ ინფორმაციას ისინი არ ფლობდნენ, ვინაიდან "ენჯეო" ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ მხარეს წარმოადგენდნენ, რა თქმა უნდა, მათ ინტერესებში არ შედიოდა, რომ ამ ინფორმაციით მოემარაგებინათ სადამკვირვებლო მონიტორინგის მისია", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.