შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, წუხელ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, "ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში რჩება კიდევ 8 პირი, რომლებსაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
ხმაური და დაპირისპირება კი სამხარეო ადმინისტრაციასთან გვიან ღამით დაიწყო, აქციის მონაწილეები მსვლელობის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამ დროს, სამართალდამცველებმა 10 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მათე ცენტერაძე და "ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი.
თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან, 4 შსს-მ მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, მათ შორის, ერთ-ერთი "ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი იყო, რომელიც მოგვიანებით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აიყვანეს.