25 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
მოპოვებული მტკიცებულებებით გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ "დემოკრატიული ფესტივალი" მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ - ანტიკორუფციული ბიურო

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია "თავისუფლების მოედანმა" ღიად გააკეთა პოლიტიკური გზავნილები, აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლევან ცუცქირიძეს და ორგანიზაციის 24 წევრს, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.

"უცხოური დონორი ორგანიზაციების ან სხვა წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად მართავენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით, ამზადებენ პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო ბროშურებს, ვიდეორგოლებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებს საზოგადოებას კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისკენ.

საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან, აგრეთვე, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აპრილს, ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ და ლევან ცუცქირიძემ დააფუძნეს ორგანიზაცია "თავისუფლების მოედანი-საქართველო“, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იკვეთება პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მიზანი.

ასევე, 2024 წლის 1-ელ ივლისს, ლევან ცუცქირიძის და ა(ა)იპ „თავისუფლების მოედანი-საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, სადაც ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და წევრებმა განაცხადეს საარჩევნო მიზნები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ა(ა)იპ "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ თანამშრომლები, ისე მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრები.

მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ აღნიშნულ სუბიექტებს თავად აქვთ საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ არეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის 24 წევრს დაევალოთ ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს, რომ ისინი ვალდებულნი არიან ანტიკორუფციულ ბიუროს, კანონით დადგენილი წესით წარმოუდგინონ ფინანსური ანგარიშები, რის საჯაროობასაც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო.

ასევე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას ე.წ. „დემოკრატიული ფესტივალის“ საქმესთან დაკავშირებით. „დემოკრატიული ფესტივალი“ იმართება ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებითა და „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფესტივალი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ. „ფესტივალზე“ მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი და ყველა პარტიას არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა, ამასთან, ე.წ. „ფესტივალში“ მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის", - განაცხადა კუპრაშვილმა.

დღის ამბები