13 ივნისის სტიქიის მემორიალთან დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე იმყოფებიან. ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირები.
დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, 9 წლის წინ, ტრაგედიამ მთელი ერი გააერთიანა.
“კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს იმიტომ, რომ მათთვის ყველაზე მძიმე დღე გათენდა... მახსოვს, მზიურში როგორ ვეძებდით ცხედრებს და როგორი ერთიანი იყო მაშინ მთელი ერი. ამ ტრაგედიასთან ერთად ყველაზე სასიხარულო იყო ის, რომ მთელი ერი შეიკრა“, - განაცხადა შალვა კეკელიამ.
ტრაგედიას იხსენებენ 13 ივნის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.
“9 წელი გავიდა 13 ივნისის ტრაგედიიდან. ჩემი ალალი დები დაიღუპნენ, ნინო და ჟანა, ასევე ბიძაშვილები, სვეტა და ლიანა. იმ ღამეს დისშვილმა ფანჯარა გატეხა და მოასწრეს [გამოსვლა]. ჟანა გამოსული იყო და ნინო უკვე დაღუპული იყო“, - განაცხადა რაფაელ ეგიაზაროვმა.
ცნობისთვის, 13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. 2015 წელს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. უსახლკაროდ დარჩა რამდენიმე ათეული ოჯახი.
სტიქია 9 წლის წინ, გვიან ღამით დაიწყო. წყალდიდობის შედეგად მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, დაზიანდა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა. წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და “მზიურის“ პარკი. თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ნაწილმა კი ვოლიერებიდან ქალაქში გაქცევა შეძლო.