25 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ევროკავშირის წევრობა ნიშნავს იმას, რომ საერთო გადაწყვეტილებებში მონაწილეობ, თუმცა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს საერთოდ ჩაბარებას - შალვა პაპუაშვილი

რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს იმას, რომ საერთო გადაწყვეტილებებში იღებ მონაწილეობას. თუმცა, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს საერთოდ ჩაბარებას. მე დამოკიდებულებების სამწუხარო ტენდენციებს ვხედავ, მათ შორის გუშინ ჩვენი შეხვედრიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა, თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპელი დიპლომატების საპროტესტო აქციაზე გამოსვლების შესახებ განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხანდახან არის ასეთი პოზიცია საქართველოს მიმართ, რომ „მოლაპარაკება, დისკუსია დიალოგი კი არ სურთ ზოგიერთებს, არამედ მითითებების მიცემა და ქართველმა ხალხმა ეს მითითებები უნდა ასრულოს“.

"ეს არ არის რაღაც სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა. ეს არის მითითებებზე დამყარებული ურთიერთობა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვიზიარებთ. იქნება ეს კანონი, სხვა საკითხებიც იყო, ჩვენ ვხედავდით პოზიციას, რომ რადგანაც ჩვენ ვართ ევროკავშირის წარმომადგენლები და თქვენ გსურთ ევროკავშირის წევრობა, რადგანაც გეუბნებით ასე, ე.ი. უნდა იყოს ასე. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია. ასეთი მიდგომით უდგება ჩვენი ოპოზიცია და "ენჯეო" სექტორი.

ანუ, ჩვენ უნდა გვქონდეს არა მოლაპარაკებები, როგორც ამ პროცესს ფორმალურად ჰქვია, არამედ ჩვენ უნდა გვქონდეს დათანხმებები - ჩვენ მოგვცემენ მითითებებს და რაღაცებს უნდა დავეთანხმოთ. ოპოზიციისა და "ენჯეოების" ეს მიდგომა აჩვენებს, რომ სინამდვილეში მათ უნდათ მგონი, საბჭოთა კავშირის წევრობა და არა - ევროკავშირის.

ამ პრინციპზე საბჭოთა კავშირი იყო დაფუძნებული, სადაც ცენტრი რასაც იტყოდა, იმას ასრულებდა რეგიონი. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირს ასე არ ვხედავთ და არც არის ევროკავშირი ასეთი გაერთიანება. ეს არის თანასწორთა გაერთიანება,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღის ამბები