საქართველოში ყველაზე გრძელი 9 კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბი აქამდე არსებულ ბევრ პრობლემას გადაჭრის.
ჯვრის უღელტეხილი წელიწადში თითქმის 100 დღის განმავლობაში არის დაკეტილი, ხშირად არის დიდთოვლობა და ზვავსაშიშროება, შესაბამისად გადაადგილება ყოველთვის არ არის უსაფრთხო. ზამთარში ვერ დადის სასწრაფო დახმარების, სატვირთო და მსუბუქი მანქანები, ადგილობრივი მოსახლეობა მოწყვეტილია გარე სამყაროს და ძალიან ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.
ეს არის საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი, რომელიც ხადის ხეობაში მდებარეობს და რომელიც სოფელ წკერესთან იწყება და კობში სრულდება. მისი სიგრძე 9 კილომეტრი, დიამეტრი კი 15 მეტრია. ამ მონაცემებით, ეს გვირაბი მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორისაა. კლდოვანი ქანების ბურღვა 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
9 კილომეტრიანი გვირაბი ქვეშეთი-კობის მასშტაბური პროექტის მხოლოდ ერთი კომპონენტია. ჯამში 23 კილომეტრიანი ორ ზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 გვირაბის და კიდევ 5 ხიდის მშენებლობა იგეგმება. ახალი 23 კილომეტრიანი გზა მანძილს 11 კილომეტრით შეამცირებს, დაახლოებით ერთი საათით შემცირდება გადაადგილების დროც.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საცობების პრობლემა გადაიჭრება გუდაურში. ტრანზიტული ტრანსპორტი კურორტზე აღარ გაივლის. ჯვრის უღელტეხილის გეოგრაფიულად რთულ საავტომობილო გზას, ახალი და ევროპული სტანდარტების მაგისტრალი დაახლოებით ერთ წელიწადში ჩაანაცვლებს. პროექტის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება. პროექტის ღირებულება მილიარდ ორასი მილიონი ლარია.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დასრულდება. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი გზა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან პირიქით მოძრავი ავტომობილი, ზესტაფონში საერთოდ აღარ შეივლის და ამით დროსაც მოიგებს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ ექვსი წუთი დასჭირდება.
საერთო ჯამში რიკოთის პროექტის ფარგლებში შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი.
სამუშაოების ღირებულება 2 მილიარდ ექვსი მილიონი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ, ანუ წლის ბოლოს, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა მხოლოდ 3-საათნახევარში იქნება შესაძლებელი.