25 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
ვეთანხმები სენატორებს, უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უნდა გვქონდეს პირდაპირი ფრენები - მამუკა მდინარაძე

პირდაპირ და კატეგორიულად გეუბნებით, რომ ჩვენც მოვუწოდებთ იმ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, უნდა უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები: უნდა გაიხსნას ვიზა, თავისუფალი უნდა იყოს გადაადგილება - პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 14 ამერიკელი სენატორის იმ წერილის საპასუხოდ განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ "გამჭვირვალობის კანონპროექტი" მიღებული იქნება, სენატორები იძულებული იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან და საქართველოს მეგობრულ დამოკიდებულებას აშშ-დანაც შესატყვისი დამოკიდებულება სჭირდება. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ აშშ-ში გამგზავრება, უნდა გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდინარაძისთვის გაუგებარია, რას უნდა გადახედონ სენატორებმა.

"ვიზალიბერალიზაცია, რომელიც არ არის დღეს, თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ გვაქვს დღეს - ესენი უნდა გაიხსნას. თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით - არა, ინვესტიციები უნდა გაიზარდოს, უნდა შემოვიდეს მეტი ინვესტიცია საქართველოში აშშ-დან. თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები უნდა გვქონდეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამდენი წელია სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ხელი მოწერილი, 10 წელზე გაცილებით მეტია გასული და პირდაპირი ფრენები არ გვაქვს. დიახ, უნდა გადაიხედოს, ამ საკითხს ჩვენ ვაყენებდით. არანაირი ულტიმატუმი არ არის, თქვენ გინდათ ულტიმატუმი დაარქვათ მაგრამ ასეთია ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების მხრიდან. თუ ჩვენ მართლა მეგობრები ვართ და ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, ამ დამოკიდებულებას შესატყვისი თანხვედრა სჭირდება მათი დამოკიდებულების. როცა არაფერი არ გაქვს, რაღა უნდა გადაიხედოს? თავისუფალი ვაჭრობა უნდა გადაიხედოს, თავისუფალი საჰაერო მიმოსვლა უნდა გადაიხედოს თუ რა? - დიახ, თუ გადასახედია, უნდა გადაიხედოს და ამერიკელი ხალხის ფული სად მიდის საქართველოში, ესეც უნდა გადაიხედოს, რასაც "გამჭვირვალობის კანონი" უზრუნველყოფს." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები