25 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? შეურაცხმყოფელია ეს რეზოლუცია - ირაკლი ღარიბაშვილი

"უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია" - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ტექსტს და ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენება მიუღებელია. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, რეზოლუცია უსამართლო და შეურაცხმყოფელია.

"ვფიქრობ, ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რა მიზანი ჰქონდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციის მიღებას. მინდა, ცოტა უფრო შორიდან შემოვუარო ამ საკითხს. გავიხსენოთ, რა მიზანი ჰქონდა ორი წლის წინ იმ შეურაცხმყოფელ, უსამართლო რეზოლუციას, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. თანაც როდის, ივნისამდე, როცა ევროკომისიას უნდა განეხილა ჩვენი საკითხი. ასევე, უკრაინისა და მოლდოვის საკითხი. ანუ ქვეყანას მისცემდნენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. წარმოიდგინეთ, ასეთ ვითარებაში, ოკუპირებული ქვეყანა, სადაც ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსის ჯარი გვიდგას ჩვენს ტერიტორიაზე, მიატოვეს, პირდაპირ გაწირეს არეულობისთვის.

ეს რეზოლუცია ვინც დაალობირა, პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო დაორგანიზებული. ევროპაში "ნაცმოძრაობის" დედა პარტიის, მთავარი მოკავშირე პარტიის, "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ იყო ლობირებული სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუცია. ქვეყანა მაშინ გაწირეს და უსამართლო რეზოლიცია იქნა მიღებული. მიზანი იყო რევოლუციის მოხდენა ქვეყანაში. ეს მარტივი საკითხი იყო და არის. სამ წელიწადში ქვეყანაში რევოლუციის მოხდენის სამი მცდელობა იყო. მაშინ, როცა ქვეყანა ელოდებოდა ისტორიულ გადაწყვეტილებას, გაკეთდა ჩანაწერი, რომ ქვეყანას არ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ეს ხომ იყო საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იყო პირდაპირ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

"ახლა რაც შეეხება ამ ბოლო რეზოლუციას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს არის შეურაცხმყოფელი. ე.ი. რას გვეუბნება ევროპარლამენტის 450 დეპუტატი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი მჩაგვრელი ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას, რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა, ქვეყანას მოუტანა თავისუფლება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და სტატუსი. აღარ გავიმეორებ მის სხვა დამსახურებებს, რომლებიც მას გაწეული აქვს ქვეყნის წინაშე. ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქიცრდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოიტანა ომი, ნგრევა, უბედურება, ადამიანების წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, ბიზნესის რეკეტი – ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? რატომ? რომ დაიწყოს მან ომი. უბედურება გაიმეოროს, ხელმეორედ და საბოლოოდ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენთვის ამას ნიშნავს ეს რეზოლუცია. ამიტომაც ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია.

მეტს ვიტყვი. ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობაა ჩადებული. მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი – როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი? უვიზო რეჟიმი ჩვენმა მთავრობამ მოიპოვა. გამოვიდა ერთ-ერთი ბრიყვი, მგონი, პატიმარი სააკაშვილი იყო, და ჩვენ დავიწყეთო. საზოგადოებას შევახსენებ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, მაშინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ევროკომისარი სესილია მალმსტრომი იყო ჩამოსული. მან პირადად მე გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ეს იყო ძალიან დიდი დოკუმენტი, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა, 70 პროცენტი ჩვენი სამინისტროს გასაკეთებელი იყო. ეს საქმე გაიარა ქვეყანამ, მთავრობამ, ბოლომდე დახურა და 2015 წლის ბოლოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღეს.

ამაზე შეიძლება მინიშნება, რომ აქ რაღაც ხდება. საუბარია იმაზე, თითქოს გამჭვირვალობის კანონით კურსი იცვლება ან დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, ეს ხომ ძალიან დიდი აბსურდია. ასევე, რეზოლუციაში ჩაგვიწერეს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. ევროპარლამენტი ძალიან ცუდად იცნობს ქართველ ხალხს. 90%-ზე მეტი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგია ლგბტ პროპაგანდის, სქესის შეცვლის კამპანიებისა და ამ უბედურებების. ხალხს ეს არ აინტერესებს, არ უნდა, არ სურს. როდესაც ევროპარლამენტი გეუბნება, რომ ეს არ უნდა მიიღო, ის თავად ახდენს ევროპარლამენტის, როგორც ინსტიტუციის დისკრედიტაციას. ამიტომ, ეს არის ცალსახად უსამართლო, შეურაცხმყოფელი რეზოლუცია", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები