25 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
მზადება აქციებისთვის - 29 აპრილს სახალხო შეკრებას "ქართული ოცნება" გამართავს, ერთი დღით ადრე კი, 28-ში საპროტესტო აქციას ოპოზიცია გეგმავს

პრემიერმა დღეს ოპოზიციას მოუწოდა, საკუთარი აქცია არ დაამთხვიონ ორშაბათს, "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებას და საპროტესტო გამოსვლა კვირის რომელიმე სხვა დღეს გამართონ. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ამისთვის მათ საკმარისი დრო ექნებათ, რადგან გამჭვირვალობის კანონის მეორე მოსმენით განხილვას, შესაძლოა 2-3 დღე დასჭირდეს.

6 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 28 აპრილს არასამთავრობო სექტორის მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება. ტექსტში ნათქვამია, რომ პარტიები ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ემზადებიან წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენის დღეს. 29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანი კი, მათი შეფასებით, ქართველი ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა. ოპოზიცია საჯარო მოხელეებსაც მიმართავს და მოუწოდებს, არ დაემორჩილონ ხელისუფლების მითითებას. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ "ახალი“, "გირჩი მეტი-თავისუფლება", "დროა", "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია" და "სტრატეგია აღმაშენებელი."

დღის მეორე ნახევარში დამოუკიდებლად გაავრცელა განცხადება "ლელომაც". პარტიის წევრები კვირას, არასამთავრობოების მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. 6 ოპოზიციური პარტიის განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ, თუმცა 28 აპრილს აქციაზე მისვლას აპირებენ "გირჩის" წევრები და დეპუტატი თეონა აქუბარდია.

უმრავლესობა არასამთავრობოების მიერ დაანონსებული აქციის მიზნებზე საუბრობს და თვლის, რომ ორგანიზატორების ერთადერთი სურვილი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა. მათივე შეფასებით, აქციების ორგანიზატორები საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თუმცა ქართველი ხალხი საკუთარ პოზიციას 29 აპრილს პარლამენტთან გამოხატავს.

თემაზე დღეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ ქართველი ხალხი, 29 აპრილს ყველა კითხვას პასუხს თავად გასცემს.

"გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ აქცია არასამთავრობოებმა გუშინ სპეციალური განცხადებით დააანონსეს. ისინი კვირას, 7 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას გამართავენ. მეორე დღეს კი ქვეყნის მთავარ გამზირს უკვე "ქართული ოცნების" ლიდერები და მათი მხარდამჭერები დაიკავებენ. შეკრებას პარლამენტთან ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. 

დღის ამბები