25 ნოემბერი 2024,   10:14
ვრცლად
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაწერილი დღის წესრიგით გაიმართება და დღეს 12:00 საათზე დაიწყება

პროტესტის მიუხედავად, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაწერილი დღის წესრიგით გაიმართება და ის 12:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის თავმჯდომარე ისევ შალვა პაპუაშვილი იქნება, თუმცა სანამ ახალი პარლამენტი სპიკერს აირჩევს, პირველ სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე გაუძღვება.

უფლებამოსილების ცნობამდე პროცესში ჩართული იქნება ცესკოც, სწორედ გიორგი კალანდარიშვილი გააცნობს პარლამენტს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტებს გადასცემს.

დღევანდელ სხდომაზე მოხდება იმ დეპუტატების უფლებამოსილების აღიარებაც, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო მანდატის მიღებაზე უარს ამბობენ. ყველა პროცედურის გავლის შემდეგ კი, პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ.

სალომე ზურაბიშვილის მიერ სხდომის დანიშვნაზე უარის თქმის, საკონსტიტუციო სასამართლოში წაღებული სარჩელებისა და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ პროცესი კანონის შესაბამისად ჩაივლის და ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებას განაგრძობს. ოპოზიცია კი კვლავ ამტკიცებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია.

დღის ამბები