25 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარე გადააყენეს - მის იმპიჩმენტს მხარი ორმა ოპოზიციონერმა დაუჭირა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება რუსთავის მერიის შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც გახარიას პარტიის წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს და თბილისიდან რუსთავში ჩასული თანაგუნდელების პროტესტს შეუერთდნენ. კამათი ოპოზიციასა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მოხდა. მოგვიანებით კი, გახარიას პარტიის წევრები, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ადგილზე მისულ ქალაქის მერსაც დაუპირისპირდნენ.

შენობის გარეთ არსებულ ხმაურს საკრებულოს დეპუტატებისთვის ხელი არ შეუშლია - მათ თვითმმართველი ორგანოს თავმჯდომარე გადააყენეს, რომელიც გახარიას პარტიის წევრი იყო და მისი თანაგუნდელების რუსთავში ჩასვლაც, სწორედ ამ პროცესებს უკავშირდებოდა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას დღეს, 21 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან 18-მა ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.

"ქართულ ოცნებას" თვითმმართველ ორგანოში 16 დეპუტატი ჰყავს, შესაბამისად, თავმჯდომარის გადაყენებას მხარი ოპოზიციის ორმა წარმომადგენელმაც დაუჭირა. სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" სამი ყოფილი წევრი და პარტია "ლელოს" ორი დეპუტატი ესწრებოდნენ. ვისგან მიიღო მმართველმა გუნდმა მხარდაჭერა გახარიას პარტიის წევრის იმპიჩმენტისთვის - ეს საკითხი ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა.

რუსთავში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ დედაქალაქშიც. გახარიას პარტიაში ამტკიცებენ, რომ მათ წინააღმდეგ მმართველ გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის შეთანხმება შედგა. სააკაშვილის პარტიაში ბრალდებები უარყვეს. თავის მხრივ, გარიგებაში დაადანაშაულა "ქართულმა ოცნებამ" გახარიას პარტიისა და "ნაციონალურ მოძრაობის" წევრები. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციური საკრებულო ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აფერხებდა.

დღეიდან, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია. მოვალეობას პირველი მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი, ალექსანდრე ბერიძე ასრულებს. მან თანამდებობა შეინარჩუნა. მეორე მოადგილედ ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, მამუკა რეხვიაშვილი დაინიშნა, მესამეს კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა. დღესვე, საკრებულოს ხუთი კომისიიდან სამმა თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა, ორი კი ხმათა უმრავლესობით შეიცვალა. სხდომის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები ქალაქის მერმა შეაფასა.

რიგგარეშე სხდომის დანიშვნა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენება ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" 18 აპრილს მოითხოვა.

დღის ამბები