25 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკითხზე, ევროპარლამენტში ნიკა გვარამიამ ევროდეპუტატთან ერთად პრესკონფერენცია გამართ

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკითხზე დღეს სტრასბურგში დებატებია დაგეგმილი. მანამდე, ევროპარლამენტში ნიკა გვარამიამ რამდენიმე ევროდეპუტატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

ნიკა გვარამიამ განცხადება რასა იუკნევიჩიანესთან, ვიოლა ფონ კრამონთან, ანა ფოტიგასთან და პეტრას აუსტრევიჩუსთან ერთად გააკეთა.

"ახალის" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "ქართული ოცნების" ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის ევროპულ გზას,  არამედ დემოკრატიის არსს.

"ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა ამ კრიტიკულ მომენტში აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული გზის დასაცავად. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული კანონმდებლობის მიღება, ფაქტობრივად, აღმოფხვრის არჩევნებზე მეთვალყურეობას და დაკვირვებას. ყველას, ვინც ამ ფუნქციას ასრულებს ქვეყანაში, არ სურთ დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად, რაც თავის მხრივ უდავოდ იწვევს სერიოზულ პრობლემებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაში. "ქართული ოცნების" ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ გზას, არამედ ჩვენი დემოკრატიის არსს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. სხვა სცენარი არ გვაქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ 2024 წლის არჩევნებში. ვგულისხმობ, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენ შევცვლით სიტუაციას საქართველოში და გავწევრიანდებით ევროკავშირში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ევროპარლამენტის წევრის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, აგენტების შესახებ კანონი არის გზა რუსეთისკენ და არა ევროკავშირისკენ.

"სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოური აგენტების შესახებ კანონს, რადგან ეს არის გზა რუსეთისკენ და არა ევროკავშირისკენ. ქართულმა ოპოზიციამ და მთელმა საზოგადოებამ, თქვენ უნდა გააერთიანოთ თქვენი ძალისხმევა. იმ შემთხვევაში თუ ამ კანონის მიღება მოხდება საქართველოს შანსი არ აქვს დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. დღეს არის დრო, რომ გამოვხატოთ საკუთარი თავი ძალიან მკაფიოდ და ღიად", - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

ევროპარლამენტის წევრის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, მათ სწრაფად უნდა მიიღონ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს საქართველო ააშენოს რუსული მოდელის მიხედვით.

"მე ვიყავი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრე. მეგონა და დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, ქართველების უმრავლესობა ამას იმსახურებდა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ"კანდიდატის სტატუსი საკუთარი მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენა. რა თქმა უნდა, ახლა ძალიან ძნელია, გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას. სწორედ ამ მომენტში, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება გამჭვირვალე არჩევნებზე და მის გარშემო არსებულ მთელ საკანონმდებლო ბაზაზე. ჩვენ უნდა მივიღოთ სანქციები რაც შეიძლება მალე, რათა დავრწმუნდეთ, რომ სამიზნე იქნება ყველა ის ვისაც საქართველოს სხვაგვარად გარდაქმნა სურს, ვისაც სურს საქართველო ააშენოს რუსული მოდელის მიხედვით. "ქართულ ოცნებას" ჩვენ თავი არ უნდა გავასულელებინოთ", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

დღის ამბები