საგაკვეთილო პროცესი ზოგიერთ სკოლაში დრეს, მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის ჩატარდა. ინტერნეტაპლიკაცია ტელეგრამით გავრცელებული მუქარის გამო მშობლების ნაწილმა ბავშვები სკოლაში აღარ გაუშვა.
შეტყობინების მიხედვით, სასწავლო დაწესებულებებში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები და თავდასხმები იგეგმებოდა. მუქარის გავრცელებიდან მალევე, ყველა სასწავლო დაწესებულებაში შესაბამისი სამსახურები მობილიზდნენ. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, პოლიციამ და კინოლოგებმა სკოლები შეამოწმეს.
ასაფეთქებელი მოწყობილობა, ან ნივთიერება, არსად აღმოჩნდა. 98–ე საჯარო სკოლაში საგამოძიებო მოქმედებები დილამდე გაგრძელდა. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს საეჭვო არც აქ აღმოუჩენიათ.
სასწავლო პროცესი დილიდან განახლდა, თუმცა მოსწავლეების რაოდენობა შემცირებული იყო.
ინტერნეტით გავრცელებული მუქარის ადრესატი 90–ე საჯარო სკოლაც გახდა. სასწავლო დაწესებულების წარმომდგენლებმა შეტყობინება ტელეგრამში, სპეციალურად შექმნილ ჯგუფში ნახეს. კონტრტერორისტული ცენტრის დანაყოფმა, შენობა შეამოწმა, ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ, ამჯერადაც, ტყუილი აღმოჩნდა.
სოციალურ ქსელებში და ტელეგრამარხზე გავრცელებულ ინფორმაციას დღეს განათლების მინისტრიც გამოეხმაურა. გიორგი ამილახვარმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეტა და თქვა, რომ სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
შესაძლო თავდასხმის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. რა არის მუქარის მიზანი და ვინ არიან ტელეგრამარხის შემქმნელები, – ამას გამოძიება დაადგენს. სუს-მა, მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, დღეს განცხადებაც გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, კონტრტერორისტული დანაყოფის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ არის. ტელეგრამარხი, საიდანაც შეტყობინებები იგზავნებოდა, მალევე წაიშალა და უკვე აღარ იძებნება.