25 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
70 ათას მაყურებელზე გათვლილი მოედანი, ბრიტანული სტილი და უეფას სტანდარტები - ახალ მეგაპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია

70 ათას მაყურებელზე გათვლილი მოედანი, ბრიტანული სტილი და უეფას სტანდარტები - ახალ მეგაპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს - ამ სიახლით გახსნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომა.

უეფას სტანდარტების სტადიონი, ვაზიანში, ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტირება ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში დასრულდება, ამის შემდეგ კი მთავრობა ახალ მეგაპროექტს ოფიციალურად წარადგენს. ვიცეპრემიერის თქმით, თანამედროვე სტადიონის მშენებლობაზე რამდენიმე სამინისტრო ერთობლივად იმუშავებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, უწყება მზადაა, როგორც ქონებრივი, ასევე საინვესტიციო მიმართულებით, აქტიურად იმუშაოს.

მეგაპროექტის განხორციელებაში, ერთ-ერთ მთავარ როლს სპორტის სამინისტრო შეასრულებს. უწყების ხელმძღვანელის თქმით, გათვალისწინებული იქნება ქართული სპორტის პრიორიტეტები. ვიცე-პრემიერმა დღეს, ისტორიული მიღწევები და გამარჯვებებიც გაიხსენა და თქვა, რომ ახალი სტადიონის მშენებლობა ქართული სპორტისთვის დამატებითი სტიმული იქნება.

პრემიერ-მინისტრმა, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ქართული სპორტის მიმართ წინა ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და კონკრეტული მოვლენები გაიხსენა. მათ შორის, 2007 წლის 13 მაისს გამართული, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც გიორგი ნემსაძემ გაიმარჯვა, თუმცა იმავე დღეს პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით, თავად ნემსაძემ დაადასტურა, რომ ის მაშინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გადადგა.

ახალ მეგაპროექტზე აქტიური სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტი საბოლოო სახეს რამდენიმე თვეში მიიღებს. მთავრობა მის ოფიციალურ პრეზენტაციას ზაფხულის ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში გეგმავს.

დღის ამბები