25 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
პური, ქადა, ტრადიციული თათარბერაგი - მესხეთი ის კუთხეა, სადაც ძველ ტრადიციებს მაქსიმალურად იცავენ

როდესაც ღუმელში მესხური პური და ქადა ცხვება, ამას რამდენიმე სახლის იქითაც იგრძნობთ. ახალციხეში არა ერთი საცხობია, სადაც ტრადიციული რეცეპტით ხელმძღვანელობენ, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ეს ყველაფერი სოფელში ხდება. მესხეთი ის კუთხეა, სადაც ძველ ტრადიციებს მაქსიმალურად იცავენ.

უდე ის სოფელია, სადაც წყლის წისქვილი დღემდე გამართულად მუშაობს. თეიმურაზ ივანიძე თითქმის 40 წელია ამ საქმეს ემსახურება და ხორბალსაც და სიმინდსაც მხოლოდ ასე ფქვავს. მეწისქვილის პროფესია მას დიდი ბაბუიდან მოსდევს.

უდე მესხეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. თეიმურაზსაც სამუშაო არ აკლია. წისქვილი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როდესაც მდინარეში წყალი იკლებს, ასეთი რამ კი იშვიათად ხდება. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ქართული ჯიშის ხორბლის აღსადგენადაც. ერთ-ერთი ასეთი ჯიშია მესხური წითელი დოლი, რომელიც კარგადაა მორგებული ადგილობრივ კლიმატზე.

პური კიდევ უფრო გემრიელია, თუ ნამდვილ მესხურ ღუმელში გამოცხვება. ეს საკმაოდ დიდ ხნიანი პროცესია. გასახურებლად ცეცხლს ცხობის წინა ღამეს ანთებენ. ქვა, რომელზეც პური და ქადა უნდა გამოცხვეს, მაქსიმალურად უნდა იყოს გახურებული.

ცხობის დღეს, ღუმელის გარშემო მთელი სამეზობლო იკრიბება ხოლმე. ეს არის ტრადიცია, რომელსაც მესხები არ არღვევენ. საცხობში შეკრებილ ქალებს სამუშაოც ბევრი აქვთ და სასაუბროც.

სანამ ღუმელში პური ცხვება, მზადდება ქადის ცომი. აქ ყველაფრის დამზადებას თავისი წესი და რიგითობა აქვს.

მალე აღდგომაა და საცხობიც ეს დღეები სულ გახურებული იქნება. სააღდგომო პასკებსაც მესხები ამ ღუმელში გამოაცხობენ.

მშვიდად და გემრიელად ცხოვრობენ მესხები ტოლოშში. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სანამ ეზოში ძაღლი ჰყეფს და ბუხრიდან ბოლი ამოდის, სოფელს არაფერი ემუქრება.

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები