25 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანია - წამალდამოკიდებული ადამიანების ხარჯზე გამდიდრებული აფთიაქები

ციხეში დიდი ხნით მოუწევთ ყოფნა იმ ადამიანებს, რომლებმაც აჭარაში ფსიქოტროპული მედიკამენტები ურეცეპტოდ გაყიდეს. შემოსავალი კოლოსალურია, რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციიდან, აფთიაქების მეპატრონეებმა, ჯამში მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

სააფთიაქო ნარკომანია ისევ გამოწვევად რჩება. მაღალი ჯარიმების და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიუხედავად, სამწუხაროდ მაინც არსებობს აფთიაქები, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ შეძენაა შესაძლებელი.

ფხიზლად ცხოვრების გაგრძელება სააფთიაქო ნარკომანიით გატაცებულებისთვის მარტივი არ არის. თუმცა არსებობენ ადამიანები ვინც ეს გზა უკვე გაიარა და ახლა დამოკიდებულების დაძლევაში სხვებს ეხმარებიან.

კლავს მედიკამენტის ტოქსიკური დოზა, ან ძალიან მცირე დროში იწვევს დამოკიდებულებას, რომლის მოხსნაც სხვა მძიმე ნარკოდამოკიდებულების მკურნალობაზე გაცილებით რთულია. თვითმკურნალობას ხშირად სხვა ნარკოტიკით ან ალკოჰოლით ჩანაცვლებით ცდილობენ. რეალური განკურნება კი, მხოლოდ სპეციალისტების ჩართულობით არის შესაძლებელი.

რეცეპტს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტის არალეგალური გასაღებისთვის დააკავეს ექიმები, ვინც შესაბამისი ჩვენების გარეშე გასცემდნენ რეცეპტს. დაიხურა ის აფთიაქები სადაც უკანონოდ ყიდდნენ ე.წ კალიკებს. გასულ კვირას, აჭარაში უკანონო გასაღებისთვის ხუთი ფიზიკური პირი დააკავეს. სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლაში ჩართულია, როგორც საგამოძიებო, ისე ჯანდაცვის უწყებები. გასულ წელს, აფთიაქებში ურეცეპტოდ გაყიდული 11 341 684 ფსიქოტროპული წამალი ამოიღეს, მიმდინარე წლის დინამიკა შედარებით პოზიტიურია.

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაცია ითვალისწინებს ჯარიმას ექვსიდან 16 ათას ლარამდე. დანაშაული გულისხმობს პატიმრობასაც.
რაც შეეხება თავად იმ წამლებს, რომლებსაც ნარკოტიკული თრობისთვის იყენებენ - არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რიგი დაავადებების მართვისას, ამიტომ მისი სრული აკრძალვა შეუძლებელია. მისი ურეცეპტოდ გაცემა უკანონობაა, ჩვენების გარეშე მიღება კი კლავს.

დღის ამბები